საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელი, რომელიც 200-ზე მეტ ორგანიზაციასა და აქტივისტს აერთიანებს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს

საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელი, რომელიც 200-ზე მეტ ორგანიზაციასა და აქტივისტს აერთიანებს, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ორგანიზაცია დოკუმენტის მიზნებისა და მის შესაძლო ნეგატიურ ზეგავლენასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს, რომელსაც იგი იქონიებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ეფექტურ ფუნქციონირებაზე.
„ჩვენ ვთვლით, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით, მისი ინიციატორების მიერ საჯარო გამოსვლებში დეკლარირებული გრანტების გამჭვირვალეობასთან დაკავშირებული მიზნები და დოკუმენტის შინაარსი რეალურად არ არის თანხვედრაში. კანონპროექტი იმ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, რომელთაც კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროებიდან აქვთ მიღებული, მოიხსენიებს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად”.
ქსელი კატეგორიულად არ ეთანხმება აღნიშნულ განმარტებას და მსგავსი იარლიყის მიმაგრებას ქსელში გაერთიანებული ორგანიზაციებისა და აქტივისტებისათვის, რომლებიც ქვეყნისა და მისი მოსახლეობისთვის სასარგებლო და კრიტიკულად მნიშვნელოვან სოციალურ, საგანმანათლებლო, ჯანდაცვის და სხვა მნიშვნელოვან უფლებრივ საკითხებზე მუშაობენ და პროგრამებს ახორციელებენ.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ ქსელში შემავალმა ორგანიზაციებმა საერთაშორისო პარტნიორებთან და სახელმწიფო ინსტიტუტებთან ერთად, არა ერთ საჭირო რეფორმას შეუწყვეს ხელი, რომელიც ემსახურებოდა სწორედაც ჩვენი ქვეყნის და ქვეყანაში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინტერესებს. შესაბამისად, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ჩვენი და ჩვენი მსგავსი ორგანიზაციების, როგორც უცხოური ძალის გავლენის გამტარებლებად რეგისტრაციას.
ქსელისათვის ბუნდოვანი და მიუღებელია კანონპროექტის მთელი რიგი ნორმები (მონიტორინგისა და რეგისტრაციის ფორმა), რომლებიც, ვფიქრობთ, წინააღმდეგობაში მოდის და არასაკმარისად დაცულს ხდის საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა ნორმატიული აქტებით დაცულ პირთა უფლებებსა და ინტერესებს. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ კანონპროექტის შინაარსი უფრო გვაშორებს ევროპულ ღირებულებებს და არ უწყობს ხელს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას.
რაც შეეხება გრანტების გამჭვირვალობას, თუკი აღნიშნული რეგულაციის შემოღების აუცილებლობა დღის წესრიგში დგას, მიგვაჩნია, რომ შესაძლოა ინიცირებული იყოს კანონპროექტი “გრანტების გამჭვირვალობის” შესახებ, რომელიც ორიენტირებული იქნება თანასწორობაზე, დაფინანსების წყაროს, წარმომავლობისა და ორგანიზაციის სამართლებრივი ფორმის მიუხედავად. ახლა, როცა საქართველო ასე ახლოა ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობასთან, მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად, რაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანია.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ მიიღოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი, რომელიც ნამდვილად არ ემსახურება ქართველი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„როგორც ვიცი, კესარია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში იყო მონათლული და სიცოცხლეში არასდროს უარუყვია ეს რწმენა, შესაბამისად, მისთვის წესის აგება არა მხოლოდ დასაშვები, არამედ ამ ეკლესიის ვალდებულებაც კი არის“ – მამა ლეონ გელოვანი