როდესაც ქართველი ქალის განსაკუთრებულ სილამაზეზე ლაპარაკობენ, უპირველესად იხსენებენ ლიკა ქავჟარაძეს… ცხოვრება თავისი რიტმით მიდის, არაფერს გვითანხმებს… მარადიულ მარიტად ქცეული ლიკა უკვე წლებია აღარ ამშვენებს დედამიწას. მსახიობი 2017 წლის 11 ოქტომბერს 57 წლის ასაკში, სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
კინოში განსახიერებულ ოცდაათამდე როლის მიუხედავად, განსაკუთრებული აღიარება მას თენგიზ აბულაძის “ნატვრის ხეში“ შესრულებულმა მარიტას როლმა მოუტანა.
“მარიტამ მართლაც რომ წარუშლელი კვალი დატოვა არა მარტო ჩემს კარიერაში, არამედ, ზოგადად, ცხოვრებაში. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ ბევრ ფილმში ვითამაშე, “ნატვრის ხე“ მაინც სხვა იყო. დღემდე სწორედ ამ ფილმით მიხსენებენ. მარიტას როლი ცხოვრების ბოლომდე გამყვება“.
წლინახევრის იყო, როდესაც მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ. ამიტომ მამა ბუნდოვნად ახსოვდა. დედა და ბებია მკაცრად ზრდიდნენ, ამის გამო, მშობელთან რთული ურთიერთობა ჰქონდა, როგორც თავად ლიკა ჰყვებოდა, დედა მუდამ აკონტროლებდა.
ლიკას მამა, ბესიკ ქავჟარაძე, სილამაზით განთქმული კაცი ყოფილა: “ლიკას მამა საოცრად ლამაზი კაცი გახლდათ, ამისთანა სილამაზის კაცი მე იშვიათად მინახავს, ჰოლივუდში რომ ყოფილიყო,”გადაუჯოკრავდა” ყველა ჰოლივუდის ვარსკვლავს”, – ასე წერენ ბესიკ ქავჟარაძის შესახებ.
“დედაჩემი ძალიან მკაცრი იყო. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერს ის წყვეტდა… არასდროს მქონდა დამოუკიდებლობა, საშუალება იმისა, რომ თვითონ მიმეღო გადაწყვეტილება. ამას ყოველთვის ჩემ მაგივრად აკეთებდნენ სხვები, ხან ვინ, ხან ვინ – ყველა, ჩემ გარდა. “ეს უნდა გააკეთო, ასე უნდა ჩაიცვა” – სულ დაძაბული ვიყავი. ვაპროტესტებდი, ვჩხუბობდი და მაინც ისე ვაკეთებდი, როგორც მეტყოდა.
მუდმივ ზეწოლას ვგრძნობდი – უნდა! გადაღებაზე მივდიოდი, დედა მომყვებოდა; სადღაც სხვაგან – ისევ დედა ან ბებია… 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი. ამიტომ ძალიან გამიჭირდა ცხოვრება. არ ვიცი, შეიძლება ჩემთვის იმის აცილება უნდოდა, რაც თვითონ დაემართა, არ ვიცი. მაგრამ, როცა ასეთ პირობებში გაიზრდები და წლების მერე საერთოდ სხვაგან აღმოჩნდები, სხვა ქვეყანაში, შეიძლება გაგიჟდე. ამერიკაში დარჩენის საშუალება გვქონდა, სადაც ჩემი პირველი მეუღლე, სანდრო მუშაობდა, მაგრამ ვერა! არა! არ შემეძლო! მიუხედავად იმისა, რომ 1993-94 წლები იყო და ყველას აქედან გაქცევაზე ეჭირა თვალი. უკან დავბრუნდით.
ყველაზე ცუდად ალბათ მაშინ ვიყავი, როდესაც დედა გარდაიცვალა; ხატვა დავიწყე და ვცდილობდი, ამაზე გადამეტანა ყურადღება. ძალიან ცუდად გავხდი, მეგონა, ფეხებიდან მიწა გამომეცალა. ადრე ხომ მაღიზიანებდა, მაგრამ უცბად ისე ინფანტილურად ვიგრძენი თავი…
მეე? მე ვცდილობ, არ ვგავდე დედაჩემს, არ მინდა დედაჩემისნაირი დედა ვიყო. ამიტომ ლევანს ყოველთვის მეტ თავისუფლებას ვაძლევდი, რომ ცხოვრებაში არჩევანი თვითონ გაეკეთებინა და 24 საათი არ მეკონტროლებინა”. – იხსენებდა მსახიობი.
