„საქართველოს ფუნქციონალი შუა დერეფანში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, გადამწყვეტი და ძირითადია, ვინაიდან ჩვენ წინა ხაზზე ვართ, პირველები ჩვენ ვიღებთ ტვირთებს და შემდგომ ვამისამართებთ აზერბაიჯანის და კასპიის გავლით, შუა აზიაში და პირიქითაც – მაგალითად, როდესაც ჩინეთიდან მოდის ტვირთი, საბოლოო დანიშნულება თბილისია“, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ნამადოვმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, ტვირთების მთავარი გადამამუშავებელი შუა დერეფანში არის სწორედ საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს, თურქეთი და აზერბაიჯანიც აქტიურობენ.
„საქართველომ ამ ყველაფერს უფრო სწრაფად აუღო ალღო, ამიტომ, რეგიონში როგორც მთავარი მოთამაშე, ისე პოზიციონირებს. თუმცა, ადგილობრივად, ზოგად სურსათს რომ შევხედოთ, არის გარკვეული გამოწვევები, რომლებიც, ძირითადად, ბიუროკრატიულ პროცესებს უკავშირდება. მაგალითად, ლოგისტიკური ჰაბების აშენების საკითხზე ქართველ მეწარმეებზე ნებართვების გაცემა უფრო მარტივად უნდა ხდებოდეს, უნდა იყოს გარკვეული საგადასახადო შეღავათებიც, რაც დააჩქარებდა ამ სექტორის განვითარების პროცესს. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის რესურსი, რაც გვაქვს, თუნდაც ბიზნესის თავისუფლების კუთხით“, – აღნიშნა Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა.
მიხეილ ნამადოვმა აზიის რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალზეც ისაუბრა. „შუა აზიას უდიდესი რესურსი გააჩნია, როგორც ფინანსური, ასევე წიაღისეულის თვალსაზრისით. ამიტომ, ევროკავშირი დაინტერესებულია ამ რეგიონით. თავის მხრივ, შუა აზიის ქვეყნებსაც უნდათ, რომ ჰქონდეთ, რუსული პორტების გარდა, სხვა ალტერნატივა ევროკავშირთან დამაკავშირებელი, ამიტომ, ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი რესურსები და განვავითაროთ როგორც საპორტო, ისე ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა“, – აღნიშნა ნამადოვნა და ამ კონტექსტში, ანაკლიის პორტის აშენების საკითხზე გაამახვილა ყურადღება.
Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა შუა დერეფანში ჩართულ სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებობს პოტენციალი, რათა ამ ქვეყნების ბიზნესებმა კიდევ უფრო გააღრმაონ თანამშრომლობა, რადგან ეს არის სექტორი, რომელსაც მოკლე დროში, ძალიან დიდი დოვლათი შემოაქვს.
