საქართველოს ფოსტის გენდირექტორი TEMU – ს წარმომადგენლებს შეხვდა – რაზე ისაუბრეს?

საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ სავაჭრო პლატფორმის TEMU – ს წარმომადგენლებს საქართველოში უმასპინძლა.
ფოსტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრის მიზანი არსებული თანამშრომლობის გაღრმავება, საერთაშორისო ლოგისტიკის ეფექტიანობის გაუმჯობესება და მომხმარებლებისთვის მაქსიმალური მოქნილობის უზრუნველყოფა იყო.
„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ვუმასპინძლოთ საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთაც საქართველო საინტერესო ბაზრად და სატრანზიტო პოტენციალის მქონე ქვეყნად მიაჩნიათ. TEMU – ს წარმომადგენლებთან დიალოგი და თანამშრომლობის მომდევნო ეტაპების დაგეგმვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მომხმარებლებისთვის თანამედროვე, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მომსახურების შეთავაზებას,“ – განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს TEMU – ს მზარდი ბაზრის შესაძლებლობები საქართველოში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყანაში შემოსული ამანათების ჩაბარების სისწრაფეს, ტრეკინგის სისტემებისა და მომსახურების ხარისხის დახვეწას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფოსტა აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობის გაფართოებას საერთაშორისო პარტნიორებთან, რაც მიზნად ისახავს გლობალური სავაჭრო პლატფორმების მიერ შეთავაზებული პროდუქციის სწრაფად და ხარისხიანად მიწოდებას საქართველოს მასშტაბით.
საქართველოს ფოსტასა და TEMU-ს შორის თანამშრომლობის შესახებ დეტალების დაზუსტებას BMG საქართველოს ფოსტაში შეეცდება.