თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, საქართველოს ფოსტის მხარდაჭერით, გამოსცა ქართველი ენათმეცნიერისა და ლექსიკოლოგის კიტა ჩხენკელის ეპისტოლური მემკვიდრეობის კრებული — „ქართული ენის ხათრით “. ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
უნიკალური გამოცემა მკითხველს აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს იმ მოტივებსა და განცდებს, რომლებიც საქართველოსგან შორს მყოფ მეცნიერს ამოძრავებდა — ქართულ ენასა და კულტურაზე ზრუნვის, მისი პოპულარიზაციისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების სურვილს.
აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ფოსტას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, წლების განმავლობაში განხორციელებულია არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი, რომლებიც მიზნად ისახავს ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას.
საქართველოს ფოსტა, როგორც ეროვნული თვითმყოფადობის მატარებელი ინსტიტუცია, მარკებითა და თემატური პროექტებით ასახავს საქართველოს ისტორიას, კულტურას და იმ ადამიანთა ღვაწლს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქვეყნის განვითარებისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში.

 
				 
								
 
								

