საქართველოს უნივერსიტეტმა სტუდენტების ინოვაციური ბიზნესიდეები 50 000 ლარით დააფინანსა

საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრის – UG Startup Factory-ს მიერ სტუდენტების ინოვაციური ბიზნესიდეების ხელშეწყობის მიზნით მორიგი დემო დღე გაიმართა, სადაც კომპეტენტური ჟიურის მიერ გამოვლენილ 5 გამარჯვებულ გუნდს ბიზნესიდეების რეალიზაციისთვის 50 000 ლარი გადაეცა. საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი წლებია აქტიურად უჭერს მხარს სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს, განავითარონ და დახვეწონ საკუთარი ბიზნესიდეები და, რაც მთავარია, ეს იდეები რეალურ და მოგებიან ბიზნესებად აქციონ.
პროგრამის მიმართ ინტერესი ძალიან მაღალი იყო და 400 სტუდენტი დარეგისტრირდა საბოლოოდ კი, 12 გუნდს მოუწია ჟიურის წინაშე საკუთარი ინოვაციური ბიზნესიდეების წარდგენა.
დემო დღის ჟიური 5 წევრისგან შედგებოდა: კონსტანტინე თოფურია – საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, ეკატერინე თოფურია – საქართველოს უნივერსიტეტის პრორექტორი საფინანსო-სამეურნეო დარგში, მაია ამაშუკელი – ბიზნესისა და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის დირექტორი, სულხან სულხანიშვილი – ინფორმატიკის დეპარტამენტის უფროსი და მოწვეული ჟიურის წევრი ქეთევან ხუნწარია – კომპანია Axel-ის საინვესტიციო საბჭოს წევრი.
ჟიურის გადაწყვეტილებით გამოვლინდა შემდეგი გამარჯვებული გუნდები:
RECroute – დასაქმების პლატფორმა, რომელიც აკავშირებს დამსაქმებლებსა და სამუშაოს მაძიებლებს; Virtual Story – ციფრული ინტერაქციული გემიფიცირებული წიგნები; Booksy – ყოველთვიური სიურპრიზის ყუთი წიგნის მოყვარულებისთვის; Sportflow – სპორტული კლუბების შიდა პროცესებისა და ჩემპიონატების/ლიგის მენეჯმენტის პლატფრომა; Reverai – ინტერაქციული ონლაინ სწავლების პლატფორმა, რომელიც 6-16 წლის ბავშვებს ასწავლის ს გაგებას და გამოყენებას სახალისო, უსაფრთხო და პასუხისმგებლობიანი გზით.
„UG Startup Factory-ს დემო დღეები და 2024-2025 წლების შედეგები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ დიდ პოტენციალს, რაც ახალგაზრდულ სტარტაპებს აქვთ ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური წინსვლისთვის. ინოვაცია, მეწარმეობა და სწრაფად ცვლად გარემოში ადაპტაციის უნარი – ეს ის ღირებულებებია, რომელთა განვითარებაც დღეს გადამწყვეტია საქართველოს მომავლისთვის. უნივერსიტეტს ამ პროცესში განსაკუთრებული როლი და პასუხისმგებლობა აკისრია – სწორედ საგანმანათლებლო სივრცე უნდა იქცეს იმ პლატფორმად, რომელიც სტუდენტებს მისცემს საშუალებას, იდეა რეალურ პროექტად აქციონ. ამიტომაც, მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერა და ინსტიტუციური მხარდაჭერის სისტემური განვითარება უნივერსიტეტის მისიის ბუნებრივი გაგრძელებაა. მინდა მადლობა გადავუხადო უნივერსიტეტს თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის და სტარტაპ ფექთორის გუნდს შთამბეჭდავი რეალიზაციისთვის. მხოლოდ ბოლო ორ სემესტრში 60-მდე სტუდენტური გუნდი ჩამოყალიბდა და დემო დღეებზე 25-მა გუნდმა წარადგინა თავიანთი ინოვაციური პროექტები. ჩვენი მიზანია ეს მასშტაბი ყოველწლიურად გავაორმაგოთ და სტუდენტებისთვის სტარტაპ ქეისი უნივერსიტეტში ყოფნის რეალურ და პრაქტიკულ ნაწილად ვაქციოთ.“ – ამბობს UG Startup Factory-ს დირექტორი, პავლე ჭყოიძე.
ინფორმაციისთვის, პრეაქსელერაციის პროგრამა არის UG Startup Factory-ის ძირითადი პროექტი, რომელიც ტარდება წელიწადში ოთხჯერ – ქართულ და ინგლისურ ენებზე. პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტებისა და ახალგაზრდების ხელშეწყობას ბიზნესის შექმნის საწყის ეტაპზე. მონაწილეები 3 თვის განმავლობაში გადიან ლექციებს, ტრენინგებსა და ვორქშოფებს სტარტაპების, ინოვაციების და მეწარმეობის თემებზე. საბოლოოდ კი საუკეთესო გუნდები მონაწილეობენ Demo Day-ზე. Demo Day არის პროექტის კულმინაციური ეტაპი, სადაც გუნდები საკუთარ სტარტაპ-იდეებს ჟიურისა და სტეიქჰოლდერების წინაშე წარადგენენ.