14 ნოემბერი – დიაბეტის მსოფლიო დღე მთელი პროგრესული კაცობრიობისათვის მნიშვნელოვანი შეხსენებაა იმის შესახებ, რომ შაქრიანი დიაბეტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვანი პრობლემაა და მისმა გავრცელების ზრდამ უკვე სტაბილური ხასიათი მიიღო.
საქართველოს უნივერისტეტი, ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის ხელმძღვანელობით, დიაბეტის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდა და 13 ნოემბერს, მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა-დისკუსია გამართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პროფესორებმა, დარგის სპეციალისტებმა და მკვლევარებმა, რომლებმაც მოხსენებები წარადგინეს. პარალელურად, გაიმართა სკრინინგი – სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა – როგორც შეხვედრაზე მონაწილეებისთვის, ასევე ლექტორებისა და სტუდენტებისთვის.
„2024-2026 წლების დიაბეტის მსოფლიო დღის თემაა „დიაბეტი და კეთილდღეობა“. 2025 წლის კამპანია უზრუნველყოფს გლობალურ პლატფორმას შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის, ენდოკრინოლოგებისთვის, ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის, მედიისთვის, საზოგადოებისა და სამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რათა გაზარდონ დიაბეტის შესახებ ცნობიერება და გააუმჯობესონ დიაბეტის მქონე ადამიანების ცხოვრება.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებული მილიონობით ადამიანი ყოველდღიურად აწყდება სიძნელებს, მათ სჭირდებათ დიდი ძალისხმევა იმისათვის, რომ მართონ საკუთარი მდგომარეობა სახლში, სამსახურში და სასწავლო დაწესებულებებში. შესაბამისად ისინი უნდა იყვნენ გამძლე, ორგანიზებული და მეტად კონცენტრირებული, რაც გავლენას მოახდენს მათ ფიზიკურ და გონებრივ კეთილდღეობაზე.
სწორედ დიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშრებით, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სკრინინგი და შეხვედრა, სადაც მრგვალი მაგიდის ფორმატში ჩვენმა პროფესორებმა და დარგის წამყვანმა სპეციალისტებმა ამ პრობლემის გარშემო იმსჯელეს, თუ რა სიახლეებია და რას ველით 21-ე საუკუნეში. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, რადგან უკეთესად იმართოს ეს დაავადება მომავალში“ – აღნიშნა საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის დირექტორმა, თამარ ლობჯანიძემ.
შაქრიანი დიაბეტი (შდ) სხვა არაგადამდებ დაავადებებთან ერთად ადამიანის ჯანმრთელობისა და განვითარებისათვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს. დღესდღეობით შდ-ის შემთხვევებმა მთელ მსოფლიოში საგანგაშო რიცხვს მიაღწიეს, მსოფლიოში 20-79 წლის ასაკში დაახლოებით 589 მილიონ ადამიანს აქვს შაქრიანი დიაბეტი, რაც შეადგენს შესაბამისად 11.1%-ს ანუ 9-დან 1 ცხოვრობს შაქრიანი დიაბეტით, ხოლო 10-დან 4-ზე მეტმა ადამიანმა არ იცის, რომ აქვს ეს მდგომარეობა და დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობს ამ პრობლემით, სანამ თავს არ იჩენს დიაბეტის ისეთი მძიმე გართულებები, როგორიცაა დიაბეტური ნეფროპათია, გულ-სისხლძარღვთა მძიმე მდგომარეობა, დიაბეტური რეტინოპათია, დიაბეტური ნეიროპათია და სხვ.
საქართველოში შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებები საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. საქართველოში ფუნქციონირებს დიაბეტის სახელმწიფო პროგრამა: პროგრამა შედგება 3 ქვეკომპონენტისგან და მოიცავს (1) ბავშვთა დიაბეტის მართვას, (2) სპეციალიზებულ ამბულატორიულ დახმარებას და (3) სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფას.
დიაბეტის მსოფლიო დღე 14 ნოემბერს, კანადელი მეცნიერის ფრედერიკ ბანტინგის დაბადების დღეს აღინიშნება, რომელმაც ჩარლს ბესტთან ერთად 1921 წელს ინსულინი აღმოაჩინა. ეს იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი შაქრიანი დიაბეტის მკურნალობისა და მისი გართულებების პრევენციის მიზნით.
დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, დიაბეტის მსოფლიო დღე 1991 წლიდან აღინიშნება. 2006 წელს გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ 14 ნოემბერი ოფიციალურად აღიარა დიაბეტის მსოფლიო დღედ (2006 წლის 20 დეკემბრის სპეციალური რეზოლუცია A/RES/61/225). რეზოლუციაში გენერალური ასამბლეის მიერ შემოთავაზებულია გაეროს წევრი ქვეყნებისთვის დიაბეტთან ბრძოლის ეროვნული პროგრამების შემუშავება და დაავადებულ ადამიანებზე ზრუნვა.
დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის თაოსნობით დიაბეტის მსოფლიო დღე აერთიანებს 150-ზე მეტ ქვეყანას და მილიონობით ადამიანს შაქრიანი დიაბეტისა და მისი გართულებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.




