„საქართველოს უნივერსიტეტის“ შემოსავალი თითქმის 2-ჯერ აღემატება „კავკასიის უნივერსიტეტის“ და 6-ჯერ „ალტე უნივერსიტეტის“ შემოსავლებს

კომერციული უნივერსიტეტების ფინანსურ მაჩვენებლებს 3 კომპანიის მაგალითზე ორგანიზაცია Finspot გაეცნო. შპს „საქართველოს უნივერსიტეტი“, შპს „კავკასიის უნივერსიტეტი“ და შპს „ალტე უნივერსიტეტი“ საგანმანათლებლო მომსახურებას ეწევა, ძირითადად, უმაღლესი განათლების ეტაპზე მყოფი სტუდენტებისთვის. თუმცა, წარმოდგენილი უნივერსიტეტები, სხვა განსხვავებებთან ერთად, განსხვავებულ საფასო სეგმენტზე ფოკუსირდებიან.
Finspot-ის ინფორმაციით, „საქართველოს უნივერსიტეტი“ საშუალო საფასო სეგმენტზე გადის და ყველაზე მაღალშემოსავლიანია კერძო უნივერსიტეტებს შორის. „კავკასიის უნივერსიტეტი“ პრემიუმ სეგმენტის უმაღლეს სასწავლებლებს შორის ყველაზე მაღალშემოსავლიანია, „ალტე უნივერსიტეტი“ (ყოფილი „თბილისის ღია უნივერსიტეტი“) კი წარმოდგენილ კონკურენტებზე მცირე ბრუნვის მქონე უნივერსიტეტია, რომელიც ხელმისაწვდომ საფასო სეგმენტზე ფოკუსირდება.
„საქართველოს უნივერსიტეტი“ და „კავკასიის უნივერსიტეტი“ საკუთარ მფლობელობაში არსებული კამპუსები აქვთ, „ალტე უნივერსიტეტს“ კი უნივერსიტეტისთვის განკუთვნილი მიწა და შენობა საოპერაციო იჯარის პირობებით აქვს აღებული.
„საქართველოს უნივერსიტეტი“ ყველაზე მაღალშემოსავლიანი უნივერსიტეტია კერძო უნივერსიტეტებს შორის, 2022 წელს მისმა შემოსავლებმა ₾54 მილიონი შეადგინა, რაც თითქმის 70%-ით აღემატება 2019 წლის შემოსავლებს. „კავკასიის უნივერსიტეტის“ შემოსავლებმა ₾32 მილიონს მიაღწია, რაც 2-ჯერ აღემატება 2019 წლის შემოსავლებს. „ალტე უნივერსიტეტის“ შემოსავლებმა კი, უნივერსიტეტის მცირე ზომიდან გამომდინარე, ₾9 მილიონი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებელს თითქმის 3-ჯერ აღემატება, ბოლო წლების განმავლობაში უნივერსიტეტების შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა დიდწილად საერთაშორისო სტუდენტების მატებამ განაპირობა.
„ალტე უნივერსიტეტში“ ადგილობრივი სტუდენტისთვის ინგლისურენოვან კომპიუტერულ მეცნიერებაზე სწავლა წლიურად ₾2,950 ღირს, უცხოელი სტუდენტისთვის კი $3,000. ამავე ფაკულტეტზე, „საქართველოს უნივერსიტეტში“ ქართველი სტუდენტისთვის წლიური საფასური ₾4,500-ს შეადგენს, საერთაშორისო სტუდენტისთვის კი $4,000-ს.- სწორედ ამიტომ ვხედავთ უნივერსიტეტების გამძაფრებულ ფოკუსს საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვაზე, განსაკუთრებით სამედიცინო განათლების კუთხით, რადგან სამედიცინო განათლება, როგორც წესი, ყველაზე ძვირია.
„ალტე უნივერსიტეტის“ შემოსავლების ზრდაში, სავარაუდოდ, ასევე დიდი წვლილი შეიტანა კომპანიის რებრენდიგმა და მარკეტინგულმა კამპანიამ. შესყიდვის შემდეგ, 2021-2022 წლებში უნივერსიტეტის ახალმა მენეჯმენტმა მარკეტინგულ აქტივობებში ₾2.7 მილიონი დახარჯა, თითქმის 3-ჯერ მეტი ვიდრე „კავკასიის უნივერსიტეტმა“ იმავე პერიოდში“, – ნათქვამია მიმოხილვაში.
უნივერსიტეტების საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავლებში, უმეტეს შემთხვევაში, 70%-ზე მეტს შეადგენს. საოპერაციო ხარჯების ძირითადი წილი მოდის კომპანიაში დასაქმებულთა და ლექტორთა ხელფასებზე. „საქართველოს უნივერსიტეტის“ ხელფასებმა 2022 წელს ₾28 მილიონი შეადგინა, აქედან ₾3.2 გაცემული იყო ძირითად მენეჯმენტზე. „კავკასიის უნივერსიტეტის“ პერსონალის ხარჯებმა ₾13 მილიონი შეადგინა, აქედან მენეჯმენტზე გაცემულმა ანაზღაურებამ ₾3.6 მილიონი შეადგინა. „ალტე უნივერსიტეტის“ სახელფასო დანახარჯებმა კი ₾3.4 მილიონი შეადგინა, რაც შემოსავლების 38%-ს წარმოადგენს (წარმოდგენილ უნივერსიტეტებზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელი).
აღსანიშნავია რომ „საქართველოს უნივერსიტეტის“ და „კავკასიის უნივერსიტეტის“ დამფუძნებლები/მფლობელები კომპანიის მენეჯმენტში არიან, შესაბამისად ხელფასის სახით იღებენ ანაზღაურებას. „ალტე უნივერსიტეტის“ ამჟამინდელი მფლობელების უმეტესობა კი არ არის ჩართული უნივერსიტეტის უშუალო მენეჯმენტში, თუმცა ფინანსურ სარგებელს დივიდენდების სახით იღებენ. „ალტე უნივერსიტეტის“ ყიდვიდან პირველივე წელს, მენეჯმენტმა ახალ მფლობელებზე დივიდენდის გაცემა დაიწყო. შესყიდვიდან პირველი 2 წლის განმავლობაში მფლობელებმა უკან ₾4.6 მილიონი აიღეს დივიდენდის სახით.
„უნივერსიტეტებს მაღალი მომგებიანობის მარჟები აქვთ. წარმოდგენილი უნივერსიტეტების საშუალო საოპერაციო მოგების მარჟა 19%-ს შეადგენს, EBITDA მარჟა კი 24%-ს. იმის გამო, რომ უნივერსიტეტებს საქართველოში მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლები აქვთ და დადებითი ფულადი ნაკადების გენერირებას ახერხებენ, ქეშის წილი მთლიან აქტივებში საკმაოდ მაღალია. უნივერსიტეტები ამ ქეშის თითქმის მთლიან მოცულობას საბანკო დეპოზიტზე ათავსებენ.
„კავკასიის უნივერსიტეტის“ ბალანსზე არსებულმა ქეშმა 2021 და 2022 წლების ბოლოს ₾3.6 მილიონს და ₾8.1 მილიონს მიაღწია, შესაბამისად. საბანკო დეპოზიტზე განთავსებული ქეშის სარგებელმა კი მხოლოდ 4.6%-ი შეადგინა. „საქართველოს უნივერსიტეტი“ კონკურენტებს შორის ყველაზე მაღალლევერიჯიანია. კომპანიის მიერ აღებული სესხი მთლიანი აქტივების 47%-ს შეადგენს. „კავკასიის უნივერსიტეტის“ იგივე მაჩვენებელი მხოლოდ 5%-ს შეადგენს, რადგან კომპანია საოპერაციო ფულადი ნაკადებით ახერხებს კაპიტალური დანახარჯების (CapEx) დაფინანსებას. „ალტე უნივერსიტეტს“ კი ფინანსური ინსტიტუტიდან სესხი არ აქვს აღებული და CapEx-ისთვის მცირე თანხას ხარჯავს. „საქართველოს უნივერსიტეტის“ მაღალი ლევერიჯი ძირითადად გამოწვეულია არსებითი ინვესტიციებით უძრავ ქონებაში (ძირითადად – მიწა), რომელზედაც კომპანია მშენებლობას აპირებს საოპერაციო გამოყენებისთვის. თუმცა, კომპანია ვერ ახერხებს სათანადო ნებართვების აღებას“, – ნათქვამია მიმოხილვაში.
„საქართველოს უნივერსიტეტის“ მფლობელები: გიული ალასანია (37.5%), მანანა სანაძე (50.0%) და ნიკოლოზ ალასანია (12.5%) არიან.
„კავკასიის უნივერსიტეტის“ მფლობელები: ხატია გოგლიძე (82%), თორნიკე შენგელია (10.5%), ნუგზარ სხირტლაძე (2.5%), ბორის ლეჟავა (2.5%) და მანანა თურქია (2.5%) არიან.
„ალტე უნივერსიტეტის“ მფლობელები (შპს „ველოქს ედიუქეიშენის“ გავლით): რამაზ კუკულაძე (32.5%), დავით წიკლაური (14.0%), არჩილ კონცელიძე (12.5%), ნიკოლოზ გამყრელიძე (11.0%), ავთანდილ ნამიჩეიშვილი (11.0%), მარიამ მეღვინეთუხუცესი (9.5%), ვანო ბალიაშვილი (9.5%).