2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7.755 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.3%-ით მეტია.
„საქსტატის“ ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 2.014 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს (ზრდა 14.2 %), ხოლო იმპორტი 5.741 მლრდ აშშ დოლარს (ზრდა 15.7%). სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარ-აპრილში, 3.726 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.1%-ია.
საქსტატის მიხედვით, 2025 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.9 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (914.3 მლნ. აშშ დოლარი), აშშ (902.0 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (859.1 მლნ. აშშ დოლარი).
2025 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.2 % შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (450.0 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (258.4 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (215.1 მლნ. აშშ დოლარი).
მონაცემების მიხედვით, 2025 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 72.7% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: აშშ (881.2 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (814.2 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (669.6 მლნ. აშშ დოლარი).
