საქართველოს ტურისტულ პოტენციალს იტალიაში ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იტალიაში, ქალაქ რიმინიში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში TTG Rimini 2024 მონაწილეობს.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროპის ერთ-ერთ წამყვან ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად წარმოდგენილია 10-მდე კერძო კომპანია და სახელმწიფო ორგანიზაცია.
მათივე ცნობით, გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია ომიაძე.
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქალაქ რიმინის გამოფენაზე TTG Rimini 2024 წარდგენილია, იტალიაში. ჩვენთან ერთად 10 ქართული ტურისტული კომპანიაა, რომელიც პარტნიორ უცხოურ კომპანიებს აცნობს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს. ჩვენ გვაქვს შეხვედრები მარკეტინგულ კომპანიებთან, ვცდილობთ ურთიერთობები დავამყაროთ ახალი პლატფორმების წარმომადგენლებთან, რომ იტალიაში საქართველოს ცნობადობა გავზარდოთ. როგორც იცით ევროკავშირის ქვეყნები სტრატეგიული ბაზარია, შესაბამისად მსგავსი გამოფენები და შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პოპულარიზაციისთვის“,- აცხადებს მაია ომიაძე.
ინფორმაციის მიხედვით, რიმინის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სტენდს გაეცნო საქართველოს გენერალური კონსული ქალაქ მილანსა და ჩრდილოეთ იტალიაში ნატალია კორძაია.
TTG Rimini 2024-ის ფარგლებში მიმდინარეობს შეხვედრები წამყვან ევროპულ ტურისტულ კომპანიებთან საქართველოში ტურისტული პაკეტების შექმნის, ტურების ორგანიზებისა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.
„ეს გამოფენა ძალიან მნიშვნელოვანია და წლების მანძილზე ჩვენი კომპანია მუდმივად მონაწილეობდა. წელს ძალიან მადლობლები ვართ, რომ მოხერხდა საერთო სტენდით წარდგენა, რაც უდავოდ იმოქმედებს დადებითად ცნობადობის გაზრდაზე. პანდემიის შემდეგ პერიოდში, იტალიიდან საქართველოს მიმართულებით ტურისტული ნაკადები ნელ-ნელა უბრუნდება 2019 წლის ნიშნულს. დიდი იმედი გვაქვს, 2025 წელი გარდამტეხი იქნება და არა თუ 2019 წლის ნიშნულს დავუბრუნდებით, არამედ გავცდებით კიდეც. ძალიან სასიხარულოა, რომ დამატებით ფრენები ინიშნება იტალიიდან, რაც უდავოდ წაადგება და ხელს შეუწყობს უფრო მეტი ტურისტის მოზიდვას იტალიიდან საქართველოში“, – ამბობს ტურისტული კომპანია ომნეს ტურის წარმომადგენელი, ირაკლი კაბულაშვილი.
იტალიური კომპანია „ალორას“ წარმომადგენლის, ანდრეა გალლოს განცხადებით, ეს მოვლენა იქნება გარკვეული ტიპის ხიდი საქართველოსა და იტალიას შორის.
„აღსანიშნავია, რომ იტალია საქართველოს მიმართ ძალიან დიდ ინტერესს გამოხატავს კულტურულ ჭრილში. მშვენიერი იქნება, თუ ენო-გასტრონომიული აქტივობებით დავაახლოებთ ხალხს. მე ვაპირებ მილანში ქართული საღამოების მოწყობას, სადაც მოვიწვევ ტურისტული სფეროს წარმომადგენლებს, რათა იტალიელებს უფრო კარგად გავაცნოთ ქართული კულტურა და ღვინო”,- აცხადებს იტალიური კომპანია „ალორას“ წარმომადგენელი ანდრეა გალლო.
ადმინისტრაციის განმარტებით, გამოფენაზე საქართველოს საპრომოციო სტენდთან სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს, ინფორმაცია მიიღონ კურორტების, აქტივობებისა და ტურისტული სერვისების შესახებ.
რიმინის ტურისტულ გამოფენაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტული ორგანიზაციები, სასტუმროები, ავია კომპანიები და მიმწოდებლები მონაწილეობენ.
ევროპაში ერთ-ერთ მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენას 70 ათასამდე ვიზიტორი ეწვია.