საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის რექტორი აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილე ჰასან ჰასანლისა და ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ელჩინ ბაბაევს შეხვდა და მათთან ერთობლივი საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტების განხორციელების პერსპექტივები და აზერბაიჯანულ უნივერსიტეტთან სამომავლო ურთიერთობის შესაძლებლობები განიხილა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, შეხვედრას აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაცია – მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მრჩეველი სიმუზარ ფეიზულაევა, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თურალ აჰმადოვი, ამავე უნივერსიტეტის სასწავლო პროცესებისა და მენეჯმენტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელჩინ მამმადოვი, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და სამეცნიერო-აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე, საინჟინრო-ტექნიკურ და ტექნოლოგიურ დარგებში ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების პერსპექტივებზე იმსჯელეს და აღნიშნულ პროცესში საერთაშორისო პრაქტიკის, უახლესი სტრატეგიებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდების სწავლის პროცესს და იმ მხარდამჭერ პროექტებს, რაც მათ უმაღლესი განათლების მიღების, საუნივერსიტეტო ცხოვრებასა და სამეცნიერო კვლევებში აქტიური ჩართულობის და სრულფასოვანი ინტეგრირების შესაძლებლობას აძლევს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილისა და აზერბაიჯანის ერთ-ერთი უძველესი უმაღლესი სასწავლებლის – ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და მეგობარი ქვეყნის დელეგაციის ვიზიტი, მომავალი თანამშრომლობის ჭრილში, მრავალმხრივ მნიშვნელოვანია, რადგან ერთობლივი სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროექტების რეალიზება ორივე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნულია სტუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც რექტორმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, უახლოეს მომავალში, ჰეიდარ ალიევის სახელობის საუნივერსიტეტო ცენტრი ამოქმედდება, რომელიც არა მხოლოდ ეთნიკურად აზერბაიჯანელ სტუდენტებს, არამედ, ქართველ ახალგაზრდებსაც გააერთიანებს.
„საქართველოსა და აზერბაიჯანს საუკუნოვანი მეგობრობა და პარტნიორობა აკავშირებთ. საკმარისია დავასახელოთ ისეთი ტრანსსასაზღვრო ენერგეტიკული, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო პროექტები, როგორიცაა: ბაქო-სუფსა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზრუმი, TRACECA, ბაქო-თბილისი-ყარსი. მნიშვნელოვანია, რომ ორივე ქვეყანას გვაქვს საერთო სტრატეგიული ხედვა, რაც კიდევ უფრო ძლიერდება ისეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, როგორიცაა სუამ-ი, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია და სხვა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის დაახლოება ხდება სამეცნიერო-საგანმანათლებლო ინტეგრაციის ფონზეც და ეს მიმართულებაც სტრატეგიულ ხასიათს ატარებს. ამის დასტურია ისიც, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ნაყოფიერი კოლაბორაცია აქვს აზერბაიჯანის სხვადასხვა უნივერსიტეტთან. სტუმრებს გავაცანით ის მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტები, რომელსაც ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერები, გლობალური კოლაბორაციის ფარგლებში, წარმატებით ახორციელებენ მსოფლიოს ისეთ წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან და ორგანიზაციებთან, როგორიცაა: CERN-ი შვეიცარიაში, KEK-ი და J-PARC-ი იაპონიაში, Fermilab-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში; განვიხილეთ ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან საინჟინრო-ტექნიკურ და ტექნოლოგიურ დარგებში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. შევეხეთ აზერბაიჯანელი სტუდენტების საუნივერსიტეტო ცხოვრებაში სრულფასოვნად ინტეგრირების საკითხებს. საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებს შორის, ტექნიკურ უნივერსიტეტში რაოდენობრივად ყველაზე მეტი ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდა ეუფლება სხვადასხვა სპეციალობებს, ასევე, სტუდენტებს შორის არიან აზერბაიჯანის მოქალაქეებიც. საქართველოს მთავრობის, პირადად პრემიერ-მინისტრ სა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი ამილახვრის მხარდაჭერით, უახლოეს მომავალში ჩვენი უნივერსიტეტის თანამშრომლობა აზერბაიჯანელ კოლეგებთან გაცილებით მრავალმხრივი გახდება. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს უნივერსიტეტში ამოქმედდება ჰეიდარ ალიევის ცენტრი, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელი სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ქართველ სტუდენტებთან და კოლეგებთან ერთად, ასევე, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან მოწვეული აკადემიური პერსონალის ჩართულობით, სხვადასხვა პროექტებს განახორციელებენ. აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილე და ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი სიამოვნებით დაეთანხმნენ ჩვენს ამ ახალ გამოწვევას. დარწმუნებული ვართ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამეცნიერო-საგანმანათლებლო პარტნიორობა კიდევ უფრო მტკიცე და მრავალმხრივი გახდება“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.
როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილემ, ჰასან ჰასანლიმ აღნიშნა, საქართველოში აზერბაიჯანის დელეგაციის ვიზიტი ნაყოფიერ შედეგს გამოიღებს და ორი ქვეყნის აკადემიურ წრეებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირების გაძლიერების, სამეცნიერო-აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მეტად დაახლოების და ახალი ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების საწინდარი გახდება.
შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციამ ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის რარიტეტული კოლექციები, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ჟიული შარტავას სახელობის უნიკალური სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიული კომპლექსი და სტუდენტური სახელოსნო დაათვალიერეს, ასევე, ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო პროექტებს გაეცნენ და უნივერსიტეტის ეთნიკურად აზერბაიჯანელ სტუდენტებს შეხვდნენ.