საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, იულიხის კვლევით ცენტრთან კოლაბორაციით, ბიოსამედიცინო ვიზუალიზაციის SMART|ლაბორატორია გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ბაზაზე, საერთაშორისო კოლაბორაცია „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ (GGSB) ფარგლებში, სატელიტური ბიოსამედიცინო ვიზუალიზაციის SMART|ლაბორატორია (Biomedical Imaging SMART|Lab) გაიხსნა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, SMART|ლაბორატორიის გახსნასთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის დელეგაციას: „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ სპიკერს, ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტ INM-4-ის დირექტორს, პროფესორ ჯონ შას, დრეზდენ-როსენდორფის კვლევითი ცენტრის (Dresden-Rossendorf, HZDR) დირექტორს, პროფესორ სებასტიან შმიდტს, ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის ყოფილ დირექტორს, პროფესორ ჰანს შტროერსა და ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის პროფესორს, ანდრო კაჭარავას შეხვდა.
„სტუ-ის რექტორმა, გერმანულ მხარესთან ერთად, ე.წ. კოოპერაციის შეთანხმებას – „Cooperation Agreement in the Framework of the GGSB-PLUS“) მოაწერა ხელი. დოკუმენტის ხელმომწერები, ასევე, კონსორციუმის წევრი კიდევ ორი ქართული უმაღლესი სასწავლებელი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) და ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) არიან.
შეთანხმების დოკუმენტის ხელმოწერასა და ბიოსამედიცინო ვიზუალიზაციის SMART|ლაბორატორიის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ლომინაძე, სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი აკაკი გიგინეიშვილი, სამეცნიერო-აკადემიური წრეები, SMART|Lab-ის მკვლევრები და სტუდენტები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადებით, ბიოსამედიცინო ვიზუალიზაციის SMART|ლაბორატორიის ამოქმედების ძირითადი კონცეფცია უცხოეთში მოღვაწე წარმატებულ ახალგაზრდა მეცნიერთა საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობასა და ქართულ საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო-კვლევით საქმიანობაში მათ ჩართვას ეფუძნება. როგორც რექტორი აღნიშნავს, უნივერსიტეტში SMART|ლაბორატორიის გახსნა გაამყარებს სამეცნიერო ურთიერთობას, როგორც საქართველოსა და გერმანიას, ასევე, უნივერსიტეტსა და იულიხის კვლევით ცენტრს შორის, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვანი ფაქტორია, როგორც სტუ-ის სამეცნიერო-აკადემიური წრეებისთვის, ასევე, ახალგაზრდა მკვლევრებისთვის.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც ქართული მხრიდან უნივერსიტეტების კონსორციუმის წევრი ორგანიზაცია, საერთაშორისო კოლაბორაცია „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ (GGSB) ფარგლებში, მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს იულიხის კვლევით ცენტრთან. წლების განმავლობაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქმედითი მხარდაჭერითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის აქტიური ჩართულობით, გერმანიაში სტაჟირება გაიარა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა საფეხურის მრავალმა სტუდენტმა და ახალგაზრდა მეცნიერმა. გარდა ამისა, იულიხის ცენტრისა და მისი მეცნიერების უშუალო მონაწილეობით, საქართველოში ქართველი სტუდენტებისთვის არაერთხელ გაიმართა „შემოდგომის ლექციები“, რომელშიც მუდმივად იყვნენ ჩართულნი ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები. სხვადასხვა წლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის ლაბორატორიებს საჩუქრად გადაეცა გამზომი და კვლევითი აპარატურა, მათ შორის მინი MRI. სტუდენტები წარმატებით მონაწილეობდნენ შოთა რუსთაველის და იულიხის კვლევითი ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში, შესრულებული აქვთ სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები და მოიპოვეს კიდეც სამეცნიერო გრანტები. ვულოცავ ჩვენს უნივერსიტეტს, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტს საუნივერსიტეტო სივრცეში მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რაც SMART|ლაბორატორიის გახსნასა და მის სამომავლო გეგმებს უკავშირდება. აღნიშნულის შესახებ გერმანულ მხარესთან ერთად ხელი მოვაწერეთ შეთანხმების დოკუმენტს. SMART|ლაბორატორიის ძირითადი კონცეფცია სწორედ ის არის, რომ ხელი შეუწყოს უცხოეთში მოღვაწე წარმატებულ ახალგაზრდა მეცნიერთა სამშობლოში დაბრუნებასა და მათ მონაწილეობას ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში მიმდინარე კვლევით საქმიანობაში. სასიხარულოა, რომ უნივერსიტეტში გახსნილ SMART|ლაბორატორიას სამეცნიერო ხელმძღვანელობას, ჩვენი საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მეცნიერებთან კოორდინაციით, გაუწევს უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნებული ახალგაზრდა მკვლევარი თამარ ხეჩიაშვილი. დარწმუნებული ვართ, ახლად გახსნილი ლაბორატორია წარმატებით შეძლებს ცოდნის ტრანსფერსაც და სხვადასხვა მიმართულების წამყვან სამეცნიერო ორგანიზაციებთან ერთად, სტუდენტების ჩართულობით, მნიშვნელოვან სამეცნიერო კვლევებსაც განახორციელებს“, – აღნიშნავს რექტორი დავით გურგენიძე.
„ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ სპიკერის, გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტ INM-4-ის დირექტორის, პროფესორ ჯონ შას თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში SMART|Lab-ის ამოქმედება შესაძლებელს გახდის გამოსახულების დამუშავების ტექნიკის დანერგვას, ასევე, სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების მომზადებას, იმ მიზნით, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინონ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრს.
როგორც იულიხის ცენტრის მეცნიერი ამბობს, კონსორციუმის წევრთა მხრიდან გადადგმული ქმედითი ნაბიჯები ქმნის კვლევების ახალი შედეგების მიღებისა და მათი ურთიერთგაზიარების შესაძლებლობას, რაც მეტად გააღრმავებს სამეცნიერო კოლაბორაციას ქართულ და გერმანულ მხარეებს შორის.
სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თამარ ლომინაძის განცხადებით, „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ ფარგლებში თანამშრომლობამ, რომელიც თითქმის ორი ათეული წელია გრძელდება, განსაკუთრებულად ინტენსიური ხასიათი კოვიდპანდემიის შემდგომ მიიღო, როცა კოლაბორაციას ჰელმჰოლც-როსენდორფის გაერთიანების ორი მძლავრი და ავტორიტეტული კვლევითი ცენტრი – Dresden-Rossendorf-ი (HZDR) და ჰელმჰოლცის მძიმე იონების კვლევითი ცენტრი (GSI), ასევე, აახენისა და კიოლნის უნივერსიტეტები შემოუერთდნენ.
დეკანის თქმით, საერთაშორისო კოლაბორაცია GGSB-PLUS-ის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაარსებული სატელიტური SMART|ლაბორატორია აქტიურად გეგმავს, ჩაერთოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო-კვლევით საქმიანობაში, ხელი შეუწყოს ახალი სამეცნიერო პროექტების ინიცირებას, ქუთაისში ადრონული თერაპიის ცენტრის (HTC) მშენებლობისთვის სამეცნიერო-ტექნიკური კონსულტაციების გაწევას, რაც თვისობრივად ახალ საფეხურზე გადაიყვანს იულიხის კვლევით ცენტრთან კოლაბორაციას, ასევე, მნიშვნელოვნად განავითარებს საქართველოს ჯანდაცვის სექტორსა და სამეცნიერო ინფრასტრუქტურას.