საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იაპონიის უდიდეს სამეცნიერო ცენტრებს შორის, COMET ექსპერიმენტის ფარგლებში, კოლაბორაცია ღრმავდება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევების ორგანიზაციას (KEK), ასევე, იაპონიის პროტონის ამაჩქარებლის კვლევების კომპლექსს (J-PARC) შორის სამეცნიერო კოლაბორაცია ფართოვდება და მომავალი წლიდან თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, მსოფლიოს ამ ორ უდიდეს ცენტრთან სამეცნიერო კოლაბორაციის გაფართოება შედეგია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, მის მეცნიერ-ფიზიკოსთა და ინჟინერთა ჯგუფის მიღწევებისა, რამაც გლობალური ექსპერიმენტის მიმდინარეობაზე დადებითი გავლენა იქონია და ამასთან ერთად, COMET ექსპერიმენტის მოსალოდნელი შედეგები გააუმჯობესა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფი, ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ზვიად წამალაიძის ხელმძღვანელობით, პირველივე ეტაპიდან არის KEK/J-PARC-ში, COMET ექსპერიმენტის მშენებლობის აქტიური მონაწილე.
„ჩვენმა მეცნიერთა ჯგუფმა 8 წლის წინ ითავა, COMET ექსპერიმენტისთვის შეექმნა უნიკალური სტროუ მილები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ტრეკული სისტემის მკვეთრად გაზრდილი სიზუსტით ფუნქციონირებისთვის. დიდი ძალისხმევის შედეგად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა, მათ შორის ახალგაზრდა მკვლევრებმა, შეძლეს ურთულესი ამოცანის მაღალ დონეზე გადაჭრა და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნეს, დაამზადეს და ააწყვეს სტროუ მილებზე დაფუძნებული დეტექტორები. ჯგუფის მიერ შესრულებულმა მაღალკვალიფიციურმა სამუშაოებმა არა მხოლოდ დააჩქარა COMET ექსპერიმენტში მიმდინარე გარკვეული პროცესები, არამედ მიღებული შედეგი დადებითად აისახა მთლიანად ექსპერიმენტის მშენებლობის გრაფიკზეც, რამაც კოლაბორაციაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პოზიციები კიდევ უფრო გაამყარა. ვულოცავთ ჩვენს მეცნიერებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას! უახლოეს მომავალში, იაპონელ კოლეგებთან ერთად, იგეგმება სისტემის ტესტირება და რეალური ექსპერიმენტისთვის მომზადება. აღნიშნულ პროცესებში ჩართულობა უნიკალური შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყნისთვის და შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს, როგორც KEK-თან და J-PARC-თან, ასევე, მსოფლიოს სხვა უდიდეს კოლაბორაციებთან საერთაშორისო კავშირების გაღრმავებასა და უნივერსიტეტის მიღწევების საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციას, გზას გაუხსნის ჩვენს ახალგაზრდა მკვლევრებსა და სტუდენტებს მსოფლიოს წამყვანი ლაბორატორიებისკენ, რათა მათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო კვლევებში“, – აღნიშნავს რექტორი დავით გურგენიძე.
COMET ექსპერიმენტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლის, თენგიზ ტორიაშვილის თქმით, COMET ექსპერიმენტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჯგუფის წევრების – ნიკოლოზ წვერავას, რომან აბრამიშვილის, დავით ჩოხელისა და სხვათა მონაწილეობის მნიშვნელობა ნათლად აისახა ტრეკული სტოუ მილების (Straw Tube Tracker) სისტემის შექმნის პროცესის ყოველ ეტაპზე. როგორც თენგიზ ტორიაშვილი განმარტავს, COMET STT სისტემის მიზანია, 5 ტესლა სიდიდის მძლავრი ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედების ქვეშ მკვეთრად გაიზარდოს მიუონის დაშლის შედეგად მიღებული დაბალენერგეტიკული (