საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „ჰორიზონტი ევროპის“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის და „ჰორიზონტი ევროპის“ საქართველოს ეროვნული ოფისის ორგანიზებით, უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მკვლევრებისთვის საგრანტო კონკურსების შესახებ მორიგი ღია საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, „ჰორიზონტი ევროპის“ საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც WIDERA, თავის ERA-ს (ევროპული კვლევის არეალი) ნაწილში, სთავაზობს მეცნიერებსა და მკვლევრებს.
შეხვედრაზე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში – თამარ ლომინაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა – ქეთევან ქოქრაშვილმა და „ჰორიზონტი ევროპა“ (ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა) საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა – ლევან ხეცურიანმა. მათ პროგრამის მიზნებისა და საერთაშორისო პროექტებში ქართველ მეცნიერთა ჩართულობის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრეს.
როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ თამარ ლომინაძემ აღნიშნა, საინფორმაციო დღეები, რომელსაც „ჰორიზონტი ევროპა – საქართველო“ მართავს, დიდი შესაძლებლობაა მეცნიერთა და მკვლევართათვის. ასეთი შეხვედრები და შესაბამისად, საგრანტო კონკურსები, უნივერსიტეტის მეცნიერებს ეხმარება კვლევების განვითარებაში და ზრდის უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო პროცესების საერთაშორისო სივრცეში ინტეგრირების შესაძლებლობებს.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თავმოყრილია ინოვაციური იდეების, გამოგონებების დიდი რაოდენობა, რასაც რეალიზაცია, ინოვაციური პროდუქტის შექმნის ხელშეწყობა სჭირდება. შესაბამისად, „ჰორიზონტ ევროპა“ და ზოგადად, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან კოლაბორაცია, ამ მიმართულებით განვითარების შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა. ევროპული ფონდებიდან მოძიებული დაფინანსება ხელს უწობს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტებსა და ჩვენს კვლევით ინსტიტუტებში, ინოვაციური კვლევებისა და გამოგონებების რეალიზებას“, – აღნიშნა თამარ ლომინაძემ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ქეთევან ქოქრაშვილის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია „ჰორიზონტ ევროპის“ საგრანტო კონკურსებში.
„საქართველოს უნივერსიტეტებს შორის ყველაზე მეტი პროექტი, სწორედ, ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს მოგებული. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ უნივერსიტეტის განვითარების შესაძლებლობებს და მის მდგრადობას“, – აღნიშნა ქეთევან ქოქრაშვილმა.
ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე, „ჰორიზონტი ევროპის“ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა, ლევან ხეცურიანმა ERA-ს (ევროპული კვლევის არეალი) ახალი კონკურსების შესახებ ისაუბრა. ხეცურიანის თქმით, ERA-ს კვლევითი პოლიტიკისა და პროგრამების მტკიცე თანხვედრით, ევროპის ქვეყნები უფრო ეფექტური ხდებიან კვლევის სექტორში. ERA პრიორიტეტს ანიჭებს ინვესტიციებს და რეფორმებს კვლევასა და ინოვაციაში.
სტუ-ის ინფორმაციით, ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების საუნივერსიტეტო ოფისი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის, ასევე, სტუდენტების საგრანტო საქმიანობის მხარდამჭერის მიზნით, ღია საინფორმაციო შეხვედრებს რეგულარულად მართავს.

ასევე დაგაინტერესებთ