საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატის სამოქმედო გეგმა მოისმინეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით, აკადემიური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, კანდიდატმა, პროფესორმა ივანე ჯაგოდნიშვილმა სამოქმედო გეგმა – „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების პერსპექტივები”, წარადგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ს ადმინისტრაცია ავრცელებს.
მისივე ცნობით, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყოფილმა დეკანმა, პროფესორმა ივანე ჯაგოდნიშვილმა მადლობა გადაუხადა რექტორს და დამსწრე საზოგადოებას, განვლილი პერიოდის განმავლობაში მხარდაჭერისა და აქტიური, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. როგორც ივანე ჯაგოდნიშვილმა განაცხადა, მისთვის დიდი პატივია, საპასუხისმგებლო პოზიციის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება და აღნიშნა, რომ „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების პერსპექტივები”, ასახავს უნივერსიტეტის მართვის ორგანოს სამოქმედო გეგმას, რომელიც საერთაშორისო სტანდარტის დაცვით, საუნივერსიტეტო ცხოვრების თითოეული მიმართულებისთვისაა შემუშავებული. მისი თქმით, პროგრამა აერთიანებს სასწავლო და კვლევით პროცესს, სასწავლო და კვლევით გარემოს, ინფორმაციის მართვის, ინოვაციების, ტექნოლოგიური ტრანსფერისა და ინტერნაციონალიზაციის მიზნებს.
„ჩემთვის საპასუხისმგებლოა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წინაშე მოხსენებით გამოსვლა. ორმაგად საპასუხისმგებლოა მონაწილეობა მივიღო კონკურსში ისეთი მნიშვნელოვანი თანამდებობის დასაკავებლად, როგორიცაა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიცია. ჩემი არჩევის შემთხვევაში, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური წარმატებით გააგრძელებს სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას, რომელიც წარმატებით განახორციელა ჩემმა წინამორბედმა, ასოცირებულმა პროფესორმა დავით მახვილაძემ. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას მოვახსენებ რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მე, როგორც დეკანი, ჩვენი ფაკულტეტი და სტუდენტები ვგრძნობდით. მადლობა აკადემიურ საბჭოს, კოლეგებს.
როდესაც ვფიქრობთ ჩვენს მიღწევებზე და განვიხილავთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მომავალს, როგორც მეცნიერს, მკვლევარს, პროფესორს და ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატს, მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი უნივერსიტეტის განვითარება დამოკიდებულია საერთო ხედვაზე – ისეთ ხედვაზე, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს აკადემიურ წარმატებებს, ინოვაციებს და სტუდენტზე ორიენტირებულ მიდგომას.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატება განუყოფელია ჩვენი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების წარმატებისგან. იმისათვის, რომ გავაგრძელოთ წინსვლა სწავლება-სწავლის გაძლიერების მიმართულებით, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობით უნდა გავაძლიეროთ ჩვენი აკადემიური პროგრამები, უნდა ჩავდოთ მეტი ინვესტიცია ფაკულტეტების განვითარებაში, რათა ჩვენს პროფესორებს კიდევ მეტად ჰქონდეთ წვდომა სწავლების უახლეს მეთოდოლოგიებსა და კვლევის შესაძლებლობებზე; მეტად უნდა შევუწყოთ ხელი ინტერდისციპლინურ თანამშრომლობას უფრო დინამიკური და მიმზიდველი სასწავლო გარემოს შესაქმნელად. უნივერსიტეტი ვითარდება, როდესაც ის ხდება კვლევისა და ინოვაციების ცენტრი. ამ მიმართულებით, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ინოვაციური ჰაბები, სადაც სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს შეუძლიათ ერთად იმუშაონ უახლესი ტექნოლოგიების შესაქმნელად. სტუდენტების წარმატება არის ჩვენი საბოლოო მიზანი. იმისათვის, რომ უკეთ მოვამზადოთ ისინი მომავლისთვის, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ პრაქტიკული სწავლება, მათ შორის, სტაჟირება, ინდუსტრიებთან პარტნიორობა და რეალურ სამყაროში არსებული პროექტები; მეტად უნდა განვახორციელოთ სასწავლო გეგმის მოდერნიზება, რომელშიც აისახება სამუშაო ბაზრის და განვითარებადი ინდუსტრიების მოთხოვნები; მეტად უნდა გავაძლიეროთ კარიერის განვითარების სერვისები. დარწმუნებული ვარ, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით, ჩვენ შევძლებთ ყველა გამოწვევის წარმატებით დაძლევას”, – აღნიშნა თავის გამოსვლაში ივანე ჯაგოდნიშვილმა.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა განაცხადა, უნივერსიტეტს აკისრია ხარისხის უზრუნველყოფისა და მუდმივი გაუმჯობესების ვალდებულება, რაშიც წამყვანი როლი ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს აკისრია.
„ხარისხის უზრუნველყოფა არ არის მხოლოდ მოთხოვნა – ეს არის სრულყოფის ვალდებულება. ამდენად, აკადემიური პროგრამების შეფასებისა და გაუმჯობესების მიზნით, კიდევ მეტი შრომაა საჭირო. ჩვენ ვალდებულნი ვართ, უზრუნველვყოთ აკრედიტაციის სტანდარტების არა მხოლოდ დაკმაყოფილება, არამედ მეტად განვითარება, რაც აძლიერებს ჩვენს, როგორც რეგიონში წამყვანი ინსტიტუციის რეპუტაციას.
ჩვენი უნივერსიტეტის მომავალი ჩვენს ხელშია. წარმატება მოითხოვს თანამშრომლობას პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შორის. უნივერსიტეტის წარმატება ქვეყნის წარმატება და მომავალია, ამიტომ, მოვუწოდებ თითოეულ თქვენგანს, იყოთ მეტად აქტიურნი როგორც კვლევისა და სწავლების, ასევე, სტუდენტთა ჩართულობის მიმართულებით. ჩვენ ერთად ვავითარებთ უნივერსიტეტს, რომელიც არა მხოლოდ აკმაყოფილებს, არამედ აყალიბებს ახალ სტანდარტებს განათლებასა და ინოვაციაში”, – აღნიშნა თავის გამოსვლაში აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.
სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი თებერვალში გამოცხადდა, ხოლო 7 მარტისთვის ჩაინიშნა.