საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წიგნის – „საერთაშორისო აეროსანავიგაციო (აერსანაოსნო) და კოსმოსური სამართალი“ – პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, უახლესი აკადემიური ნაშრომის – „საერთაშორისო აეროსანავიგაციო (აერსანაოსნო) და კოსმოსური სამართალი“ – პრეზენტაცია გაიმართა, რომელზეც აღნიშნული გამოცემის მიზნებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, წიგნის ავტორები არიან იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორები – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, პროფესორი გივი ლობჟანიძე და გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის წევრი, საერთაშორისო სამართლის პროფესორი ასლან აბაშიძე.
ღონისძიება, რომელსაც უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოება და სტუდენტები ესწრებოდნენ, სამართლისა და საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანმა გახსნა.
როგორც პროფესორმა ივანე გიორგაძემ განაცხადა, ნაშრომი წარმოადგენს პირველ ქართულენოვან წიგნს, სადაც გაერთიანებულია ორი დამოუკიდებელი, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული დარგი – საერთაშორისო აეროსანავიგაციო სამართალი და კოსმოსური სამართალი. მისი თქმით, წიგნის შექმნა მიზნად ისახავდა ქართული აკადემიური სივრცისთვის თანამედროვე, სისტემატიზებული და სიღრმისეული მასალის მიწოდებას, რომელიც დაეხმარება როგორც სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს, ასევე ამ მიმართულებით დაინტერესებულ მკვლევრებსა და პრაქტიკოსებს.
„სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი აკადემიური ნაშრომების შექმნა და გავრცელება, რომლებიც თანამედროვე საერთაშორისო სამართლის სწრაფად მზარდ და დინამიკურ მიმართულებებს ასახავს. პროფესორების გივი ლობჟანიძისა და ასლან აბაშიძის მიერ მომზადებული წიგნი წარმოადგენს შეუცვლელ რესურსს, რომელიც ჩვენს სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას საფუძვლიანად გაეცნონ როგორც საერთაშორისო აეროსანავიგაციო სამართლის, ისე კოსმოსური სამართლის საფუძვლებსა და მის აქტუალურ გამოწვევებს.
დღეს, როდესაც ავიაციისა და კოსმოსური საქმიანობის სფეროები სინათლის სიჩქარით ვითარდება, სამართლის სპეციალისტებისთვის აუცილებელია ჰქონდეთ ამ მიმართულებათა შესახებ სრულყოფილი, სანდო და მეცნიერულად ჩამოყალიბებული ცოდნა. მსგავსი წიგნების გამოცემა ხელს უწყობს როგორც სასწავლო კურსების გამდიდრებას, ასევე უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალის გაძლიერებას. დარწმუნებული ვარ ნაშრომი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მომავალ იურისტთა პროფესიულ განვითარებაში და დაეხმარება მათ უკეთ გაიაზრონ ის რთული სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც აყალიბებს საერთაშორისო ავიაციისა და კოსმოსური სივრცის მარეგულირებელ ჩარჩოს“, – განაცხადა ივანე გიორგაძემ.
სტუ-ის ინფორმაციით, პრეზენტაციის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა იმ აქტუალურ გამოწვევებზე, რომლებიც დაკავშირებულია ავიაციისა და კოსმოსური საქმიანობის განვითარებასთან, მათ შორის აერონავიგაციის უსაფრთხოება, კოსმოსური რესურსების გამოყენება, კოსმოსური პასუხისმგებლობა, სამართლებრივი რეგულაციები ახალი ტექნოლოგიების პირობებში და სხვა საკითხები. ღონისძიების დასასრულს, წიგნის განხილვაში აქტიურად ჩაერთნენ სტუდენტები და პროფესორები. მონაწილეებმა წიგნი შეაფასეს როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული სამართლის მეცნიერებაში, რომელიც ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სფეროებს, ავიაციასა და კოსმოსურ კვლევებს, ახალ ბაზას სთავაზობს.