საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საგრანტო კონკურსების შესახებ მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისმა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მკვლევრებისთვის საგრანტო კონკურსების შესახებ მორიგი ღია საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მკვლევრები სხვადასხვა საგრანტო მიმართულების სიახლეებსა და შესაძლებლობებს გაეცნენ.
„საინფორმაციო შეხვედრაზე სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელი გიორგი მიქიაშვილი, ოფისის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების მკვლევრებს დეტალურად ესაუბრა ჰორიზონტი ევროპის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, USAID-ის, ERASMUS+-ის, კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) და სხვა საერთაშორისო ფონდებისა თუ დონორი ორგანიზაციების საგრანტო მიმართულებების, მიმდინარე და დაგეგმილი საგრანტო კონკურსების, კვლევითი პროექტების დაფინანსების პირობების, სქემებისა და ძირითადი მიმართულებების შესახებ, ასევე, ინფორმაცია მიაწოდა სიახლეების შესახებ.
როგორც გიორგი მიქიაშვილი აღნიშნავს, ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ღია საინფორმაციო შეხვედრების მოქნილი ფორმატი უნივერსიტეტის მეცნიერებს ეხმარება კვლევების განვითარებაში, რაც როგორც დაფინანსების შესაძლებლობების მოპოვებას, ისე, უნივერსიტეტის მასშტაბით, საგრანტო წინადადებების შემუშავებას და უკვე დაფინანსებული პროექტების მართვის კოორდინირებას გულისხმობს.
შეხვედრაში მონაწილეობდა „ჰორიზონტის“ ევროპის საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ლუკა ქემოკლიძე, რომელმაც უნივერსიტეტის მეცნიერებს კონსულტაცია გაუწია და მათ შეკითხვებს უპასუხა.
სტუ-ის ინფორმაციით, ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების საუნივერსიტეტო ოფისი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის, ასევე, სტუდენტების საგრანტო საქმიანობის კულტურის დანერგვა-პოპულარიზაციის, მასში თანამშრომელთა მაქსიმალური ჩართვის, კვლევითი პროგრამების ფართო სპექტრის განვითარებისა და განხორციელების მხარდამჭერის მიზნით, ღია საინფორმაციო შეხვედრებს რეგულარულად მართავს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.