საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოდის დიზაინის ტექნოლოგიების პროგრამის სტუდენტთა საბაკალავრო ნაშრომების დაცვა-ჩვენება გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე არქიტექტურის საფუძვლების, თეორიისა და სახვითი ხელოვნების აკადემიური დეპარტამენტის საბაკალავრო პროგრამის – „მოდის დიზაინის ტექნოლოგიები“ – მეოთხე კურსის სტუდენტების საბაკალავრო ნაშრომების დაცვა-ჩვენება გაიმართა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ს ცნობით, დაცვა-ჩვენებაზე ნაშრომები წარმოდგენილი იყო პორტფოლიოსა და მასალაში შესრულებული კაფსულა-კოლექციის სახით, საბოლოოდ, 5 „ლუქი“.
მოდის დიზაინის ტექნოლოგიების პროგრამის ხელმძღვანელის, პროფესორ ლია ლურსმანაშვილის განცხადებით, ჩვენებაზე სტუდენტებმა თანამედროვე მოდის დიზაინის შესახებ თავიანთი კონცეპტუალური და ტექნოლოგიური ხედვა წარადგინეს.
მისი თქმით, თითოეულ ნამუშევარში ასახული იყო როგორც ინდივიდუალური სტილი, ისე ტენდენციებზე დაფუძნებული ინტერპრეტაციები.
პროგრამის ხელმძღვანელის შეფასებით, წლევანდელ კურსდამთავრებულთა კაფსულა-კოლექციები გამოირჩეოდა ქსოვილთა მრავალფეროვანი კომბინაციით, სილუეტების ინოვაციური გადაწყვეტითა და მდგრადი მოდის პრინციპების გათვალისწინებით.
„ნამუშევრებიდან ჩანს, თუ რაოდენ მაღალ პროფესიულ სტანდარტებს აღწევენ საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში ჩვენი სტუდენტები, კონკრეტულ შემთხვევაში კი, ჩვენი წლევანდელი კურსდამთავრებულები. თითოეული ნამუშევარი ადასტურებს მათ უნარს, დამოუკიდებლად დაგეგმონ და განახორციელონ სრულფასოვანი დიზაინ-პროექტი – კონცეფციის ჩამოყალიბებიდან პრაქტიკულ განხორციელებამდე. დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა წარმატებით მოახერხეს საკუთარი ინდივიდუალური ხელწერის წარმოჩენა თანამედროვე მოდის დინამიკაში, რითაც გამოავლინეს როგორც კრეატიული აზროვნება, ისე რეალურ პროფესიულ გარემოში ინტეგრირების უნარი“, – აცხადებს ლია ლურსმანაშვილი.
როგორც მოდის დიზაინის ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულები აღნიშნავენ, ისინი შეეცადნენ ნათლად წარმოეჩინათ პროფესიული მზაობა და ერთმანეთისგან განსხვავებული, ინდივიდუალური ხედვა.
მათი თქმით, კაფსულა-კოლექციების შექმნა სასწავლო პროცესში დაგროვილი გამოცდილების, იდეებისა და შთაბეჭდილებების ერთობლიობით არის შთაგონებული.
ერთ-ერთი კურსდამთავრებული, თეო ინასარიძე ამბობს, რომ მისი კოლექცია ეფუძნება ხუთ სტიქიას, რომლებიც ფიზიკურ და სულიერ წონასწორობას ქმნის, აერთიანებს ბუნებრივ ორგანულობასა და თანამედროვე ტექნოლოგიურ ხედვას. ყოველი სტიქია ასახავს ადამიანის შინაგან მდგომარეობას, ცვლილების უნარს და ბუნებასთან კავშირს, თარგები კი რეინტერპრეტირებულია ფერის, ფორმის, ტექსტურისა და მოძრაობის საშუალებით.
დიანა ბაშიძე აღნიშნავს, რომ მისი კოლექცია შეიქმნა გარემოზე დაკვირვებით, მისი სტრუქტურების, ტექსტურებისა და შრეების აღქმით. კურსდამთავრებული ყურადღებას ამახვილებს ბუნებრივ მასალებზე, ხელით შესრულებულ დეტალებზე, რაც თითოეულ ლუქს უნიკალურ იდენტობას სძენს და ქმნის სამყაროს, სადაც სიმკაცრე და სინაზე ერთ სივრცეში თანაარსებობს.
ნანუკა თადუმაძის კოლექცია შთაგონებულია „ქოუბოის“ თავისუფალი სულით, ველური დასავლეთის სიმტკიცითა და ბოჰოს სტილის ბუნებრიობით, რაც უნებურად ილექება გარშემომყოფთა მეხსიერებაში. მისი თქმით, ნამუშევრებში გააზრებულია ინდივიდუალიზმის, თავგადასავლებისა და თავისუფლების იდეალები, რაც თანამედროვედ ინტერპრეტირებული ფორმებითა და ფაქტურებით გადმოიცემა.
ნინი ტურაშვილი ედვარდ ლორენცის პეპლის ეფექტზე საუბრობს და ამბობს, რომ უმნიშვნელო მოვლენებს მასშტაბური ცვლილებების გამოწვევა შეუძლია. მისი პეპლის ეფექტის კოლექცია სწორედ ამ ფაქტზე დაყრდნობით არის შექმნილი.
სალომე თურქაძის ნამუშევრები უდაბნოს მირაჟის ეფექტით არის ინსპირირებული. ამბობს, რომ შეეცადა, შეექმნა უდაბნოს სიცარიელე, რომელიც სავსეა სიღრმითა და სიცოცხლით. მისეული შინაგანი ტრანსფორმაცია უდაბნოს აქცევს სიმარტივისა და სიმშვიდის სიმბოლოდ.
ანა ბოლქვაძემ საკოლექციო სამოსი დედას მიუძღვნა. როგორც განმარტავს, ამ ნამუშევრებით ის არ უბრუნდება წარსულს, არამედ აგრძელებს ცხოვრებას დედისგან მიღებული სინათლით, სიფაქიზითა და სიყვარულით, ამბობს, რომ დაცვა-ჩვენება მისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, რომელმაც დიდი შრომა და პროფესიონალიზმი მოითხოვა, მიღებულმა შედეგმა კი მისცა მოტივაცია, გააგრძელოს სწავლა და საქმიანობა მოდის სფეროში, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზეც.
ქეთი გოგიჩაიშვილმა კოლექციის ძირითად გზავნილად პლანეტა სატურნის სიმბოლიკა, მისი ფიზიკური თუ მითოლოგიური შრეები გამოიყენა. ამბობს, რომ სატურნი, როგორც ასტროლოგიური ფიგურა, ერთდროულად სიძლიერისა და შეზღუდვის სიმბოლოა, რომელიც დროის მსვლელობასთან, დისციპლინასთან და გარდაქმნასთან ასოცირდება.
თიკო კეკელიძის სამოსი წყლის ისტორიაა – არა მხოლოდ როგორც ბუნებრივი ელემენტის, არამედ როგორც განცდისა და მეხსიერების მდგომარეობა. როგორც ის აღნიშნავს, წყალი სიცოცხლის პირველი არქეტიპია, მოძრავი სიჩუმეა, ძალაა, რომელიც არ ყვირის. კურსდამთავრებული ამბობს, რომ ადამიანიც წყლის მსგავსად იცვლება, გარბის, იყინება და ორთქლდება. ელენე ჩიკვაძის შთაგონების წყარო ბუნების განუმეორებელი ქმნილებებია და მისი აზრით, ყოველი მათგანი უნიკალური და თავისებურად მომხიბლავია. მის ყურადღებას იპყრობს ლოკოკინას ლორწოვანი და დროდადრო მოელვარე კვალი, ღამურას გაფარფატება ღამეულ ცაში, ბუზის უსასრულო ზუზუნი, მრავალფეხას შემაძრწუნებელი, მაგრამ მომაჯადოებელი მოძრაობა, კალია – უცნაური მზერითა და გასაოცარი პოზით, თითქოს ზემოდან დაჰყურებდეს მსხვერპლს და სხვა. მისი განმარტებით, წარმოუდგენელი კავშირია არსებებს შორის და ყველა მათგანი არღვევს მოლოდინს. ლიზი წამალაშვილმა კი თავის კოლექციას საფუძვლად დაუდო სამყაროს შექმნის თემა – „და შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად – ღვთის ხატად შექმნა იგი“.
„ადამიანი დღემდე ილტვის უფლისკენ, ბაძავს მას და მისი ინსპირაციის წყარო ღვთისგან შექმნილი სამყაროა. არ არსებობს მასზე დიდი მხატვარი. ამიტომაც მსურს, ჩემი შემოქმედებით სამყაროს შემოქმედს მივბაძო“, – ამბობს კურსდამთავრებული
სტუ-ის ინფორმაციით, საბაკალავრო ნაშრომების დაცვა-ჩვენებაზე დიდი ყურადღება დაეთმო ტექნოლოგიური კომპეტენციების დემონსტრირებას. სტუდენტებმა წარადგინეს ნამუშევრები, რომლებიც შესრულებული იყო უახლესი პროგრამული უზრუნველყოფით, მდგრადი მასალების გამოყენებითა და ინოვაციური ჭრილის ტექნიკებით. პროგრამის ხელმძღვანელის განცხადებით, მსგავსი პრეზენტაციები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სტუდენტთა დახელოვნებისთვის, არამედ რეალურად აჩვენებს ფაკულტეტის აკადემიური პროგრამის ეფექტიანობას, რაც საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული, ხარისხიანი განათლების მიღებას უზრუნველყოფს. პროფესორ ლია ლურსმანაშვილის თქმით, წარმოდგენილი კოლექციები მკაფიოდ ასახავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოდის დიზაინის ტექნოლოგიების პროგრამის კურსდამთავრებულთა მზაობას, თავი დაიმკვიდრონ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მოდის ინდუსტრიაში და გახდნენ იმ ახალი თაობის ნაწილი, რომელიც მოდის დიზაინს მრავალმხრივი, მდგრადი და მომავალზე ორიენტირებული ხედვით ქმნის.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი თარგამაძე – მთელი ეს პერიოდი რიჟვაძის მამა არაოფიციალურად ჰყავდათ დაპატიმრებული – წნეხი იყო იმდენად დაუნდობელი, რომ ჩემი შემოსახლების მომენტისთვის, რიჟვაძის ახლო ნათესავების და ბიძაშვილ-მამიდაშვილების ორი წრე უკვე გაქცეული იყო ქვეყნიდან