საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდუსტრიაში მოქმედ ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდუსტრიაში არსებული უახლესი მოთხოვნების საგანმანათლებლო პროგრამებში ასახვის შესაძლებლობებზე დარგში მოქმედი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაფართოებულ შეხვედრაზე იმსჯელეს.
სტუ-ის ცნობით, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები – პროფესორები: თინათინ კაიშაური, ნონა ოთხოზორია, ლილი პეტრიაშვილი, ლევან იმნაიშვილი, მედეა თევდორაძე, ქეთევან კოტრიკაძე, ალექსანდრე შარმაზანაშვილი, ნინო ბერაია, მზია კიკნაძე, ბესარიონ შანშიაშვილი, ზაალ აზმაიფარაშვილი, ნუგზარ ამილახვარი და გია სურგულაძე ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების კომპანიების – ORIS, , IT Group Ltd, აუდიტორული კომპანია Ecovis Georgia, „ელექტრონიკს 07“, SOFTMASTER, AI Lab, Helio Al, „აპტოსი“, „ინტელკომი“, GEO IT, „გრინეტი“, CaucasPack, L+, „ახალი ქსელები“, „ფოპტნეტი“, „სტანდარტი“ – ხელმძღვანელ პირებსა და IT ანალიტიკოსებს შეხვდენენ. შეხვედრის მიზანი საგანამანთლებლო პროგრამების გაანალიზება და ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად მათი სრულყოფა იყო.
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებმა სტუმრებს ფაკულტეტზე მოქმედი პროგრამების აღწერილობა და თანამედროვე მოთხოვნებიდან თუ საჭიროებებიდან გამომდინარე, მათი განვითარების მიმართულებები გააცნეს.
როგორც შეხვედრაზე ფაკულტეტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, კონკურენტუნარიანი და მაღალპროფესიონალი ახალგაზრდა კადრების მოსამზადებლად უნივერსიტეტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საგანმანათლებლო პროცესის მომავლის პერსპექტივიდან დანახვას, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სამომავლო განვითარების მიმართულებების სამეცნიერო და პრაქტიკულ ჭრილში გაანალიზებას და სასწავლო პროგრამებისა და პროცესის სრულყოფილად აღჭურვას ახალი თეორიული ცოდნითა და ახალი პრაქტიკული შესაძლებლობებით.
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თალიკო ჟვანიას თქმით, აღნიშნული გამოწვევის დაძლევას უნივერსიტეტი ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდუსტრიაში მოქმედ წამყვან ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით გეგმავს.
„დღეს რთულია ფეხი აუბა ახალ ტექნოლოგიებს, რომელებიც მსოფლიოში ელვისებური სისწრაფით ვითარდება. ეს ეხება ინფორმაციულ ტექნოლოგიებს და ხელოვნურ ინტელექტსაც. შესაბამისად, პროფესორ-მასწავლებლებსაც და სტუდენტებსაც გვიწევს დიდი შრომა, რომ სასურველ შედეგებს მივაღწიოთ – მოვამზადოთ კონკურენტუნარიანი, მაღალპროფესიონალი ახალგაზრდა კადრები, რომელებიც თამამად უპასუხებენ დარგში არსებულ მოთხოვნებს. ეს ორმხრივი ინტერესია – როგორც უნივერსიტეტის, ასევე დარგში მოქმედი დამსაქმებელი კომპანიების. მიგვაჩნია, რომ ამის მიღწევა მხოლოდ ჩვენი ქმედითი კოოპერაციით არის შესაძლებელი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროცესი ასევე გააძლიერებს პარტნიორობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდუსტრიას შორის. ეს შედეგად მოგვიტანს მოდიფიცირებულ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება დღევანდელ თუ სამომავლო მოთხოვნებთან, მოგვცემს ინოვაციური მექანიზმების დანერგვის შესაძლებლობებს, მოქნილს გახდის სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკებს და სტაჟირების პროგრამებს, გააძლიერებს განათლების პროცესში დამსაქმებელთა ჩართულობას, ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებას, ასევე, შექმნის ახალგაზრდების კარიერული განვითარების მყარ საფუძველს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სრული მხარდაჭერით, ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდუსტრიის მონაწილეებს ვთავაზობთ ღია თანამშრომლობას. დარწმუნებული ვართ, ერთად სასურველ შედეგებს მივაღწევთ და ხელს შევუწყობთ საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო პროცესის სწრაფ მოდერნიზებას,“ – აღნიშნა თალიკო ჟვანიამ.
სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდუსტრიის წარმომადგენლები თავიანთ ხედვებსა და წინადადებს სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტს წარუდგენენ, ხოლო მათი განხილვისა და მოსაზრებების შეჯერების მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრები გარკვეული პერიოდულობით მოეწყობა.