საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკის ფაკულტეტის დღე აღინიშნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკის ფაკულტეტის დაარსებიდან 102-ე წლისთავი აღინიშნა. ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ვიცე-რექტორმა გახსნა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროფესორმა თამარ წერეთელმა მადლობა გადაუხადა რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს ფაკულტეტის დღის დაარსების ინიციატივისთვის და აღნიშნა, რომ ენერგეტიკა ქვეყნის წინსვლის გარანტიაა.
როგორც წერეთელმა განაცხადა, ენერგეტიკის ფაკულტეტი წარმატებით აგრძელებს თავის ისტორიულ მისიას, მოამზადოს საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი საინჟინრო და სამეცნიერო კადრები.
„უკვე მეორედ აღვნიშნავთ ფაკულტეტის დღეს. ამ ერთი წლის განმავლობაში ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელმა პრესტიჟულ გამოცემებში 75 სამეცნიერო სტატია და 3 მონოგრაფია გამოაქვეყნეს, მონაწილეობა მიიღეს 7 საერთაშორისო პროექტში, 24 საერთაშორისო კონფერენციასა და 2 საერთაშორისო ფორუმში, გამარჯვებული 4 პროექტიდან 2 შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის და 2 კი საერთაშორისო გრანტი მოიპოვეს, გამოსცეს 7 სახელმძღვანელო, ჩართული იყვნენ პროგრამული დაფინანსებით გათვალისწინებულ სამეცნიერო კვლევით 2 პროექტში და ჩაატარეს 88 ექსპერტიზა. ენერგეტიკის ფაკულტეტის წარმატებაზე მეტყველებს მნიშვნელოვანი ფაქტი – 2025 წელს საბაკალავრო პროგრამა – „ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია“ ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების აკრედიტაციის საბჭოს, ABET აკრედიტაციაზე იქნება წარდგენილი. ეს იმას ნიშნავს, რომ პროგრამა, საქართველოს მომავალ ენერგეტიკოსებს, საერთაშორისო სტანდარტების განათლებას მისცემს. ენერგეტიკის ფაკულტეტმა 2024-2025 აკადემიურ წელი ორი მოდიფიცირებული საბაკალავრო პროგრამით – ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია, საინჟინრო მენეჯმენტი და ასევე ორი, განახლებული, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიებით – ჰიდროენერგეტიკის ლაბორატორია და ელექტროტექნიკური მასალების ლაბორატორია, დაიწყო. საერთო ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სრული შევსებაა. ენერგეტიკის ფაკულტეტზე იწყება სამწლიანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს, განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით ლაბორატორიების საერთაშორისო ქსელის ფორმირებას, მსხვილი კვლევითი პროექტების განხორციელებას, სასწავლო მასალებისა და კურსების შემუშავებას, ცნობიერების ამაღლებას, ტრენერების გადამზადებას, პარტნიორ უნივერსიტეტებში სასწავლო ვიზიტებს. ეს და სხვა მიღწევები დიდი შრომის შედეგია, რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებ ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს. გილოცავთ ენერგეტიკის ფაკულტეტის დღეს“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში ვიცე-რექტორმა.
ამასთან, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა მიწვეულ სტუმრებს ღონისძიებაში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა და აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს ფაკულტეტის დღე მიულოცა.
პროფესორმა ლენა შატაკიშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს მხარდაჭერისთვის და საზოგადოებას წლიური ანგარიში გააცნო.
„2024/2025 სასწავლო წელი ბევრი სიახლით დავიწყეთ. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, შევიძინეთ თანამედროვე სტანდარტების მქონე „ელექტრული მასალების“ ლაბორატორია, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან სრულფასოვნად ჩაერთო ენერგეტიკის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების – „ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია“ და „ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია“, განხორციელებაში. რექტორისავე მხარდაჭერით რეაბილიტაცია ჩაუტარდა „ელექტროტექნოლოგიური დანადგარების მართვისა“ და „ჰიდროენერგეტიკის ლაბორატორიას“. როგორც ვიცე-რექტორმა აღნიშნა, 2024/2025 სასწავლო წელს სწავლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სრული შევსებაა, რაც მიუთითებს, რომ ენერგეტიკული სპეციალობებით დაინტერესება ახალგაზრდებში მზარდია. ამის გარდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით ფაკულტეტზე მომზადდა ოთხი მოკლევადიანი პროფესიული გადამზადების პროგრამა. აღნიშნულ პროფესიულ პროგრამებს მეოთხე ნაკადი წარმატებით ასრულებს კურსს. ფაკულტეტი აქტიურად არის ჩართული სასწავლო პროცესის და საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციის პროცესში. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს. გილოცავთ ფაკულტეტის დღეს“, – აღნიშნა ლენა შატაკიშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ღონისძიების დასასრულს, სტუმრებმა ენერგეტიკის ფაკულტეტზე მოქმედი თბოენერგეტიკის, ჰიდროენერგეტიკის, FusionSolar ტექნოლოგიებისა და ელექტრული ინჟინერიის ლაბორატორიები დაათვალიერეს.
„აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტზე არსებული სასწავლო და სამეცნიერო ლაბორატორიული ბაზის შექმნაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მხარდაჭერა აღმოუჩინეს კომპანია „თელასმა“, Schneider Electric-მა, ავსტრიულმა კომპანიამ HERZ Armaturen, -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID), საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ