საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საუნივერსიტეტო სტამბის მასშტაბური გადაიარაღება დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2024 წელს, ბოლო წლების განმავლობაში პირველად, საუნივერსიტეტო სტამბის ყველაზე მასშტაბური გადაიარაღება განხორციელდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საუნივერსიტეტო სტამბის სისტემური მოდერნიზაცია თავისი მასშტაბით აღემატება აქამდე სტამბაში განხორციელებულ ყველა პროექტს.
როგორც სტამბის ხელმძღვანელი გიორგი ჯერენაშვილი აცხადებს, საუნივერსიტეტო სტამბა, არსებობის 65 წლის განმავლობაში და ახდენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სარედაქციო საგამომცემლო საბჭოს მიერ დამტკიცებულ და რეგისტრირებულ, აკადემიური და დამხმარე პერსონალის და ასევე, სხვა ავტორების მიერ მომზადებულ სასწავლო და მეთოდიკურ ლიტერატურას, სამეცნიერო პერიოდიკის შრომების კრებულებს, მონოგრაფიებს, სამეცნიერო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების მოხსენებათა კრებულებს და თეზისებს, საცნობარო ლიტერატურას, ლექსიკონებს, ახდენს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებული და სპეციალური დოკუმენტების ტირაჟირებას.
„იაპონური წარმოების ციფრული ფერადი საბეჭდი მანქანა – Roco-Heidelberg Versafire Pro C5300SL, ციფრული შავ-თეთრი საბეჭდი მანქანა – Roco-Heidelberg Versafire Pro 8300S, თერმოამკინძავი HORIZON BQ-270, გერმანული წარმოების ქაღალდის საჭრელი POLAR Mohr – 92 EM – ეს არის დანადგარები, რომელიც რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით, უშუალო ჩართულობითა და მხარდაჭერით შეიძინა საუნივერსიტეტო სტამბამ. ასეთი მასშტაბური გადაიარაღება ჩვენი სტამბის ისტორიაში პირველად მოხდა. 2006 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამომცემლობა და სტამბა ერთ სტრუქტურად ჩამოყალიბდა, რომელსაც საგამომცემლო სახლი – „ტექნიკური უნივერსიტეტი” ეწოდა. გეგმები დიდი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, უსახსრობის გამო, ვერ განხორციელდა. სტამბის გადაიარაღების თაობაზე არსებობდა ბევრი დადგენილება როგორც აკადემიური საბჭოს, ისე სენატის, რაც უსახსრობის გამო ვერ ხერხდებოდა. წელს კი, რექტორისა და კანცლერის უდიდესი ძალისხმევით მოხდა მნიშვნელოვანი განახლება, რაც ხელს შეუწყობს გაცილებით მაღალი ხარისხის სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურის და საცნობარო მასალის გამოცემას. საუნივერსიტეტო სტამბას უკვე აქვს შესაძლებლობა მაღალი დონის ფერადი ნაბეჭდი პროდუქციის ტირაჟირების, რომლის თვითღირებულება მცირეა და კონკურენტუნარიანს გვხდის საქართველოს ბაზარზე. ასევე, გვაქვს შესაძლებლობა ნებისმიერი სახის გამოცემა, ახლადშეძენილი დაზგის მეშვეობით, უნაკლოდ და მაღალ დონეზე ავკინძოთ. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენი 65-წლიანი გამოცდილება განსხვავებული და გამორჩეულია”, – ასე შეაფასა გიორგი ჯერენაშვილიმა საუნივერსიტეტო სტამბის განახლება-გადაიარაღების პროცესი.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტამბას დაარსებიდან დღემდე 5000-ზე მეტი დასახელების სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურა აქვს გამოცემული.