საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტი საერთაშორისო კონფერენციაში – „კურორტების მდგრადი განვითარების ტენდენციები და გამოწვევები“ მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტი მარიამ კოჭლამაზიშვილი საერთაშორისო კონფერენციაში – „კურორტების მდგრადი განვითარების ტენდენციები და გამოწვევები“, მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, საერთაშორისო კონფერენცია – „კურორტების მდგრადი განვითარების ტენდენციები და გამოწვევები“, 7 დეკემბერს სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდება.
სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტის თქმით, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის უფლება სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე – „საქართველოს კურორტების მდგრადი განვითარების ტენდენციები და მიდგომები“, მოიპოვა.
„ნოემბრის თვეში გაიმართა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს კურორტების მდგრადი განვითარების ტენდენციები და მიდგომები“, სადაც, ასოცირებული პროფესორის თამარ ქობლიანიძის ხელმძღვანელობით, წარვადგინე თემა – „კურორტების მდგრადი განვითარების პერსპექტივები კახეთის რეგიონში“. სასიხარულოა, რომ თემამ დიდი მოწონება დაიმსახურა, რაც გახდა მიზეზი იმისა, რომ სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, თემის ხელმძღვანელი და მე მიგვიწვიეს სააგენტოს მიერ დაგეგმილ პირველ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. მინდა მადლობა გადავუხადო რექტორს, ასევე, ქალბატონ თამარს, ფაკულტეტს მხარდაჭერისთვის.
სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელის მოადგილის, ასოცირებული პროფესორის თამარ ქობლიანიძის თქმით, საერთაშორისო კონფერენცია მიზნად ისახავს კურორტების მდგრადი განვითარების ტენდენციებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებას.
„სააგენტო კურორტების განვითარებას განიხილავს, როგორც ეკონომიკური პოტენციალისა და სოციალური სარგებლის მაქსიმალურად გაზრდის შესაძლებლობას. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და საერთაშორისო საკურორტო ინდუსტრიის ექსპერტები და გაგვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებასა და ხედვებს. სასიხარულოა, რომ კონფერენციაში მონაწილეობას ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტი მიიღებს. მადლობა საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორებს“, – აცხადებს თამარ ქობლიანიძე.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი, რომელიც საქართველოს მთავრობის განკარგულებითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უშუალო ხელმძღვანელობით შეიქმნა, ამ ეტაპზე თანამედროვე სტანდარტებსა და მოთხოვნებზე მორგებული ოთხი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამით არის წარმოდგენილი.