საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახლად დაფუძნებულმა „პოეზიის თეატრმა“, საუნივერსიტეტო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სცენაზე, სტუდენტების მონაწილეობით, პირველი წარმოდგენა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
მათივე ცნობით, „პოეზიის თეატრი“, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ ბაზაზე დაფუძნდა. ახალი თეატრის ფორმირება სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით ოქიტაშვილის, სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ივანე ჯაგოდნიშვილისა და საუნივერსიტეტო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სამხატვრო ხელმძღვანელისა და რეჟისორის, ნუგზარ ბუცხრიკიძის უშუალო ჩართულობით მოხდა.
პირველ წარმოდგენას სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ფაკულტეტების დეკანები, სტუდენტები, უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეები, თანამშრომლები და თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სტუ-ის „პოეზიის თეატრის“ სტუდენტმა მსახიობებმა დამსწრე საზოგადოებას ქართველი და უცხოელი პოეტების ლექსები კლასიკური მუსიკისა და ქორეოგრაფიული ჩანართების თანხლებით წარუდგინეს. სპექტაკლის რეჟისურა, ინსცენირება და სცენოგრაფია საუნივერსიტეტო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სამხატვრო ხელმძღვანელს, ნუგზარ ბუცხრიკიძეს ეკუთვნის.
წარმოდგენის დასრულების შემდეგ, რექტორმა, დავით გურგენიძემ ახლად დაარსებული „პოეზიის თეატრის“ დასსა და სამხატვრო ხელმძღვანელს პირველი წარმოდგენის გამართვა მიულოცა და სტუდენტებს სწავლასა და შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებები უსურვა. როგორც რექტორმა აღნიშნა, მაღალმხატვრულ დონეზე შესრულებულმა წარმოდგენამ მაყურებელთა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
„ეს შესანიშნავი წარმოდგენა დაასრულა დიდი ილიას გენიალურმა ლექსმა – ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!.. მინდა ჩვენს ახალგაზრდებს მივმართო და ვუთხრა, რომ დღეს მათ ჩვენი ქვეყნის აწმყოც სწყალობთ და მომავალიც მათია!.. ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებსა და სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სამხატვრო ხელმძღვანელს, ბატონ ნუგზარ ბუცხრიკიძეს საუნივერსიტეტო სივრცეში ახალი დასის – „პოეზიის თეატრის“ დაარსებას. სასიხარულოა, რომ პირველი წარმოდგენის მხატვრულმა გადაწყვეტამ და გემოვნებით წარმოდგენილმა სანახაობამ მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. „პოეზიის თეატრის“ დაფუძნების იდეა გასული წლის 14 აპრილს დაიბადა, როცა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქართული ენის დღე მასშტაბური ღონისძიებით აღვნიშნეთ. სწორედ ამ დღეს „მოდინახემ“ ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია – „ო, ენავ ჩემო“ წარმოადგინა. ღონისძიებაში, ჩვენი თეატრის მსახიობებთან ერთად, მონაწილეობდნენ ცნობილი კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი და მომღერალი ირმა სოხაძე. დარწმუნებული ვართ, „პოეზიის თეატრი“ კიდევ არაერთ წარმოდგენას გამართავს და ახალგაზრდა თაობებში ქართული და მსოფლიო პოეზიის შედევრებს აქტიურ პოპულარიზაციას გაუწევს. წარმატებებს ვუსურვებთ ახალ საუნივერსიტეტო თეატრსა და მისი დასის წევრებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი 79-წლიანი ტრადიციის მქონე სახალხო თეატრ-სტუდია სრული დატვირთვით მუშაობს“, – აღნიშნა რექტორმა, დავით გურგენიძემ.
საუნივერსიტეტო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნუგზარ ბუცხრიკიძემ, ქმედითი მხარდაჭერისა და სარეპეტიციო პირობების მკვეთრად გაუმჯობესებისთვის, რექტორსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „მოდინახე“ და „პოეზიის თეატრი“ მაყურებელს, უახლოეს მომავალში, კიდევ რამდენიმე პრემიერას შესთავაზებს.
სტუ-ის ინფორმაციით, „პოეზიის თეატრის“ პირველ წარმოდგენაზე, რეჟისორთან და მსახიობებთან ერთად, მუშაობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები: რეჟისორის ასისტენტები – ჯეკო დათუაშვილი და გოგა ბებია, წამყვანი – ირაკლი ურუშაძე, განათების ინჟინერი – გიორგი თათულაშვილი, ხმის რეჟისორი – გიორგი კუტალია, ქორეოგრაფები – ცისანა კობახიძე და გიორგი ჭანტურია.