საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ახალი ტიპის ტრანსფორმირებადი კონსტრუქციების შექმნაზე მუშაობენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტები – დოქტორანტი თეიმურაზ საღინაძე და ბაკალავრები გიორგი შვანგირაძე, ლუკა მოდებაძე, გიორგი ჯოჯუა და თორნიკე თოდრაძე, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით, ახალი ტიპის დროებითი გადახურვის ტრანსფორმირებადი კონსტრუქციების შექმნაზე მუშაობენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, ახალი ტიპის ტრანსფორმირებადი კონსტრუქციების სტუდენტურ პროექტს ხელმძღვანელობას უწევენ სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორი თამაზ ხმელიძე და სამხედრო ინჟინერიის აკადემიური დოქტორი რევაზ სახვაძე.
პროექტზე მომუშავე სტუდენტები განმარტავენ, რომ თანამედროვე მშენებლობასა და არქიტექტურაში ახალი ტიპის ტრანსფორმირებადი კონსტრუქციები სულ უფრო აქტუალური და მოთხოვნადი ხდება. მათ შესაქმნელად და ფუნქციური ამოცანის გადასაწყვეტად ჯგუფი მიმართავს კომბინირებულ მეთოდს, რაც გულისხმობს საინჟინრო კონსტრუქციების, სხვადასხვა მექანიზმის, ელექტრონული სისტემების, ასევე, მართვისა და კონტროლის პროგრამული მოწყობილობების სინთეზურად გამოყენებას.
როგორც სტუდენტები აღნიშნავენ, ამ ეტაპზე ისინი ახალი ტიპის დროებითი გადახურვის კონსტრუქციების შექმნა-დახვეწაზე მუშაობენ. პროექტის მიზანია შეიქმნას ისეთი ტრანსფორმირებადი კონსტრუქციები, რომელთა მეშვეობითაც უზრუნველყოფილი იქნება ეფექტიანი, სწრაფი და საიმედო გადახურვა.
პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორის, თამაზ ხმელიძის განცხადებით, ტრანსფორმირებადი კონსტრუქციების შექმნით, უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფი მიზნად ისახავს, სამშენებლო დარგში გადაჭრას რიგი მნიშვნელოვანი ამოცანები, რომლებიც ერთდროულად უკავშირდება მრავალფუქციურობას, ზესიმსუბუქეს, თვითამძრაობას, ბიუჯეტურობასა და ექსპლუატაციის პროცესში მედეგობას.
„ახალი ტიპის გადახურვის მობილური და ტრანსფორმირებადი კონსტრუქციების გამოყენება ფართოდ არის შესაძლებელი მშენებლობასა და არქიტექტურაში. ეს შეიძლება იყოს საცხოვრებელი კომპლექსები, ჰიდრონაგებობები, მრეწველობასა და ინდუსტრიაში – გადასატანი ქარხნები და ფაბრიკები, ავტოფარეხები, სოფლის მეურნეობაში – სასათბურე კომპლექსები, იშვიათი პლანტაციები, კულტურული ღონისძიებებისთვის განკუთვნილი დროებითი სივრცეები. ჩვენი უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტთა ჯგუფი – ერთი დოქტორანტი და ოთხი ბაკალავრი აქტიურად მუშაობენ გადახურვის ისეთი კონსტრუქციების შექმნა-სრულყოფაზე, რომელიც შეითავსებს მრავალფუნქციურობას, იქნება ზემსუბუქი, რითაც შეამცირებს გადახურვის წონას, იქნება ძალიან ბიუჯეტური, რითაც შეამცირებს მასალების ხარჯს, ასევე, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით, იქნება თვითამძრავი, სწრაფი და შეძლებს შესაბამისი თანამიმდევრობით დაკეცვასა და გაშლას და ა.შ. მთავარია, ამ ახალი ტიპის ტრანსფორმირებადმა კონსტრუქციებმა საგრძნობლად შეამციროს მშენებლობის ღირებულებაც და ხანგრძლივობაც“, – აღნიშნავს თამაზ ხმელიძე.
სტუ-ის ინფორმაციით, სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტთა ჯგუფმა, პროექტის ფარგლებში შექმნილი პირველი ახალი ტიპის დროებითი გადახურვის ტრანსფორმირებადი კონსტრუქციის პროტოტიპი კასპის ტექნოპარკში, გასული წლის დეკემბერში გამართულ სამშენებლო მიმართულების ჰაკათონზე – ConstrucThon 2.0 – წარმატებით წარადგინეს.