საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მეცნიერებმა ტრანსფორმირებადი კოსმოსური ანტენის საყრდენი რგოლის გაუმჯობესებული ვარიანტი შექმნეს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
მათივე ცნობით, სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის სამშენებლო მანქანების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა თამაზ ხმელიძემ და ამავე დეპარტამენტის მოწვეულმა პედაგოგმა, სამხედრო ინჟინერიის აკადემიურმა დოქტორმა რევაზ სახვაძემ ახალი გამოგონების შესახებ ნაშრომი – „ტრანსფორმირებადი სახის რეფლექტორული ანტენის ჩარჩოს კონსტრუქციული გადაწყვეტა“ და რეალური კონსტრუქცია 2 მ დიამეტრის განშლად-დასაკეცი მოდელი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისთვის გამართულ ღონისძიებაზე – „წლის საუკეთესო მიღწევა“, წარადგინეს.
ღონისძიება ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით სამეცნიერო და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისთვის ჩატარდა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, ტრანსფორმირებადი კოსმოსური ანტენის საყრდენი რგოლის გაუმჯობესებული ვარიანტის შექმნა არის სტუ-ის მეცნიერების მორიგი წარმატება, იმ ფონზე, როცა 24 წლის წინ, აკადემიკოს ელგუჯა მეძმარიაშვილის ხელმძღვანელობით, ქართული საინჟინრო სკოლის მეცნიერების გამოგონება, პირველი ქართული ხელთქმნილი ნაკეთობა გავიდა კოსმოსში.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომელთა მორიგი გამოგონება, არის დასტური იმისა, რომ ჩვენი ალმა-მატერი, 24 წლის წინ გაკვალულ გზას წარმატებით აგრძელებს. როგორც ვიცი, განაცხადი უკვე წარდგენილია საქპატენტში და ასევე, ცნობილია, რომ კოსმოსური ანტენის საყრდენი რგოლის გაუმჯობესებული ვარიანტით დაინტერესებულია ისეთი დიდი ქვეყნები, როგორიცაა აშშ, ინგლისი. ვულოცავ წარმატებას მეცნიერთა ჯგუფს და ვუსურვებ წინსვლას“, – აცხადებს დავით გურგენიძე.
სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის სამშენებლო მანქანების დეპარტამენტის უფროსის, პროფესორ თამაზ ხმელიძის თქმით, კოსმოსური ანტენის საყრდენი რგოლის გაუმჯობესებული ვარიანტი არის პატარა მოცულობის, მართკუთხა კონტეინერის ფორმის კონსტრუქცია, რომელიც გაშლის დროს იღებს წრის ფორმას, რომელიც იმართება დისტანციურად.
“კონსტრუქციის გაშლისას საყრდენ წრეზე გადაიჭიმება ამრეკლი ანტენა, რომელიც სიგნალს მიიღებს და გადასცემს. ეს არის ახალი სიტყვა, ახალი გამოგონება, რომელსაც ანალოგი არა აქვს. ჩვენ უკვე ვმუშაობთ გამოგონების დაპატენტებაზე. გამოგიონებით დაინტერესებულია ამერიკისა და ევროპის ქვეყნები, უკვე გვაქვს ურთიერთობები, ავიღებთ პატენტს და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ღონისძიებაში – „წლის საუკეთესო მიღწევა“ მონაწილეობა მიიღო 41-მა საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებამ, სადაც მონაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია 2023 წლის განმავლობაში მათ მიერ განხორციელებული ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივობის შესახებ. ჩვენი მოხსენება – ”ტრანსფორმირებადი სახის რეფლექტორული ანტენის ჩარჩოს კონსტრუქციული გადაწყვეტა“, ელექტრონულ ჟურნალში გამოქვეყნდება“, – აცხადებს თამაზ ხმელიძე.
სტუ-ის ინფორმაციით, კონსტრუქცია წარმოადგენს ერთ-ერთ ახალ მოდიფიკაციას სტუ-ის ყოფილი კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის პროფესორ მიხეილ ჯანიკაშვილის მიერ დამუშავებული კონსტრუქციული სქემებისა და მათ მიხედვით შექმნილი მოდელისა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით აკადემიკოს ელგუჯა მეძმარიაშვილს დამუშავებული აქვს ტრანსფორმირებადი კონსტრუქციების ახალი კლასი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “რეფლექტორი”, რომლის გენერალური კონსტრუქტორია სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი, ღია კოსმოსურ სივრცეში 1999 წლის 23 ივლისს გავიდა. 1999 წლის 28 ივლისს, ღია კოსმოსურ სივრცეში დაიწყო პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გამოცდა, წარმატებულად დამთავრდა. ამის შემდეგ, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი — 6,4 მ. გაბარიტის მქონე გასაშლელი რეფლექტორი, ჩამოსცილდა ორბიტალურ სადგურ „МИР”-ს და დაიწყო დამოუკიდებელი ფრენა კოსმოსში. 1999 წლის 23 ივლისი შეტანილია მსოფლიო კოსმონავტიკის უმნიშვნელოვანეს ქრონიკათა ჩამონათვალში, ხოლო საქართველოში ყოველი წლის 23 ივლისს აღინიშნება პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღე.