საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდებს მიმართავს.
ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, მიმართვაში რექტორი ეხება სტუდენტების გადამწყვეტ როლს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და აღმშენებლობის საქმეში და საუბრობს იმ გავლენებზე, რასაც ახალგაზრდობა კაცობრიობის მომავალზე იქონიებს.
„ძვირფასო სტუდენტებო, 77 წელია მსოფლიო სტუდენტთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს არის თარიღი, რომელიც ერთდროულად მოიცავს ბრძოლას, სევდასა და სიხარულს.
წლის ყოველი დღე თქვენია, მაგრამ 17 ნოემბერი – გამორჩეულად. ეს ბოროტების დამარცხების, მომავლის, იმედის, წარმატებებისა და გამარჯვებების დღეა, რომელმაც 77 წლის წინ უდიდესი გავლენა იქონია კაცობრიობის მომავალზე.
საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი, რომელიც უკავშირდება სტუდენტი-ახალგაზრდობის ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად და რაც მთავარია, ქართული ენის დასაცავად, დღეს უკვე მსოფლიო ახალგაზრდული მოძრაობის ისტორიის კუთვნილებაა. ეს იყო ბრძოლის პერიოდი და ჩვენ ვიბრძოდით, მაგრამ დღეს სხვა რეალობაა, დღეს, ჩვენმა ახალგაზრდებმა სხვა „ბრძოლის ველზე“ უნდა გაიმარჯვოთ – დღეს საქართველო დამოუკიდებელი და თავისუფალია. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების მთავარი მიზანი თქვენზე, საქართველოს მომავალზე ზრუნვაა, ხოლო თქვენი – საქართველოს სახელის მსოფლიოში გაცნობა. თქვენ ხართ ჩვენი მომავალი და თქვენშია ის კოდი, რომელიც შეცვლის სამყაროს.
საქართველოს განვითარებისა და ღირსეული მომავლის ანი და ჰოე თქვენ ხართ! ჩვენთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისთვის, დიდი პატივია თქვენი მიზნების აღსრულებაში გზა გაგიკვლიოთ. სასიხარულოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები დიდ წარმატებებს აღწევთ, როგორც მეცნიერებაში, საინჟინრო-ტექნოლოგიურ თუ ჰუმანიტარულ დარგებში, ასევე, სპორტსა და თვითშემოქმედებაში.
თქვენ გაქვთ ყველა შესაძლებლობა და პირობა, ასახელოთ ჩვენი სამშობლო, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობები. გახსოვდეთ – ცოდნა ძალაა. სტუდენტთა საერთაშორისო დღეს გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ!”, – აღნიშნულია დავით გურგენიძის მიმართვაში.
ცნობისათვის, 77 წლის წინ, პრაღაში, სტუდენტთა საერთაშორისო კონგრესზე, 17 ნოემბერი ჩეხ პატრიოტ სტუდენტთა ხსოვნის ნიშნად, სტუდენტთა საერთაშორისო დღედ გამოცხადდა.