საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ცნობილი მეცნიერის, პროფესორ დავით თავხელიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მწუხარებას გამოთქვამს საერთაშორისო აღიარების მქონე მეცნიერის, სტუ-ის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, ღირსების ორდენისა და ღირსების მედლის კავალერის, პროფესორ დავით თავხელიძის გარდაცვალების გამო.
რექტორი სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და აღზრდილებს. სამძიმარს უერთდებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სამეცნიერო და აკადემიური წრეები, თანამშრომლები და სტუდენტები.
„ვეთხოვებით ცნობილ მეცნიერს, მრავალი ღირსეული თაობის აღმზრდელს, უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ყოფილ დეკანს, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში, ღირსების ორდენისა და ღირსების მედლის კავალერს, მექანიზმებისა და მანქანების თეორიის საერთაშორისო ფედერაციის (IFTOMM) წევრს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, საქართველოს საინჟინრო აკადემიისა და ევროპის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის აკადემიკოსს, ევროპისა და ამერიკის სამეცნიერო წრეებში ფართო აღიარების მქონე მკვლევარს, საყვარელ კოლეგასა და მეგობარს, პროფესორ დავით თავხელიძეს.
ბატონი დავით თავხელიძე ერთგულად ემსახურებოდა ქართულ მეცნიერებას, ჩვენს ალმა-მატერს და ათეული წლების განმავლობაში ჩართული იყო მნიშვნელოვან კვლევით პროექტებში. ფასდაუდებელია მისი ნაშრომები სხვადასხვა სახისა და დანიშნულების ტექნოლოგიური პროცესების ავტომატური მართვის მიმართულებით, როგორიცაა: მრავალრგოლიანი ბერკეტული და სამრეწველო რობოტების შემსრულებელი მექანიზმების კინემატიკური და დინამიკური ანალიზი და სინთეზი; მცირე ელექტროსადგურებისათვის ორმაგი ქმედების ჰიდროტურბინების დაპროექტება და შექმნა-დანერგვა; მცირე სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურების დაპროექტება-დანერგვა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი სენსორების გამოყენების ბაზაზე მეტალო-კონსტრუქციების, მუდმივი მონიტორინგისთვის განკუთვნილი დანადგარების შექმნის საფუძვლების დამუშავება და ა.შ. დავით თავხელიძის ავტორობით გამოქვეყნებულია 116 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორისაა 20 საავტორო მოწმობა და პატენტი, 7 მონოგრაფია და 7 სახელმძღვანელო.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიური წრეების, თანამშრომლებისა და სტუდენტების სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პროფესორ დავით თავხელიძის გარდაცვალების გამო, სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს, უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტს, მის სტუდენტებსა და აღზრდილებს. უფალმა გაუნათლოს სასუფეველი”, – აღნიშნულია რექტორის სამძიმარში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი მარგველაშვილი – ახლა მთავარია გამარჯვება და გადარჩენა იმ კატასტროფული გეგმიდან, რომელიც „ოცნებამ” საქართველოს ანექსირებისთვის შეიმუშავა – არ მაქვს ნათელი პოზიცია რა თანამდებობაზე მექნება პრეტენზია, დღეს ვარ მხოლოდ ბრძოლის ჟინზე