საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – ჩვენთვის მნიშვნელოვანია პლატფორმა, სადაც დამსაქმებლები და სტუდენტები შეხვდებიან ერთმანეთს, იყოს მრავალფეროვანი

„სწავლების პრაქტიკული მეთოდი, რომელიც რეალურ სამუშაო გარემოში ცოდნის მიღებასა და პროფესიული უნარების განვითარებას ითვალისწინებს, სტუდენტებისთვის მრავალმხრივად ეფექტურია. მსგავსი ფორმატის სემინარები ხელს უწყობს თეორიული ცოდნის გადმოტანას პრაქტიკაში, აძლიერებს სტუდენტების პროფესიულ თვითდაჯერებულობასა და მოტივაციას, უზრუნველყოფს მათ შეხებას ინდუსტრიაში მოქმედ პროფესიონალებთან, აფართოებს წარმოდგენას ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის რეალურ მოთხოვნებსა და სტანდარტებზე, სტუდენტებს უფრო პრაქტიკული და კონკურენტუნარიანი უნარებით მომავალი დასაქმებისთვის ამზადებს“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების უფროსი, ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე აცხადებს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სტუ-ის საგანმანათლებლო პროგრამების – მთის მდგრადი განვითარების, მთის მდგრადი ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტის სპეციალობის სტუდენტებს, სალექციო კურსის ფარგლებში, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ პრაქტიკული სემინარი ჩაუტარდათ, რომელიც მოიცავდა როგორც შემეცნებით მიმართულებას, ასევე, სასტუმროს ინტერიერის დათვალიერებას და აქტიური ვაკანსიების გაცნობას.
სტუ-ის სასწავლო პრცესების მართვის სამსხურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ჩატარებულ სემინარზე სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საერთაშორისო ბრენდის სტანდარტებს, მომსახურების კულტურასა და მართვის პროცესებს უშუალოდ იმ სივრცეში, სადაც ეს პრაქტიკა ყოველდღიურად ხორციელდება. ნატო ქათამაძის თქმით, სწავლების ასეთი მიდგომა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროფესიული განვითარების, არამედ, საქართველოს ტურიზმის სექტორის წინსვლისთვის, რადგან ის ზრდის მომავალი კადრების ხარისხსა და სექტორისადმი მათი პასუხისმგებლობის განცდას.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია სივრცე, სადაც დამსაქმებლები და სტუდენტები შეხვდებიან ერთმანეთს, იყოს მრავალფეროვანი. სწორედ ამ მიზნით ვეწვით სასტუმროების ქსელის „თბილისი მარიოტი, ქორთიარდ მარიოტი, მოქსი თბილისი“ ერთერთ სასტუმროს „თბილისი მარიოტს“. დიდი მადლობა სწავლებისა და განვითარების მენეჯერს ქალბატონ ქეთევან წერეთელს, საინტერესო ტურისთვის. სტუდენტებმა მოისმინეს სასტუმროს მუშაობის სფეციპიკა, დაათვალიერეს სასტუმროს შიდა და გარე სივრცეები და გაეცვნენ სასტუმროში არსებულ აქტიური ვაკანსიების შესახებ ინფორმაციას. რაც ძალიან კარგი შესაძლებლობაა მათთვის როგორც ინფორმაციის მიღების, სამუშაობის სფეციფიკის გაცნობის ისე მათი დასაქმების მიმართულებით. ადგილზევე გამოიკვეთა ჩვენი ორი სტუდენტის მიმართ ინტერესი, რაც ძალიან გვახარებს და იმედს ვიტოვებთ, რომ მათი შეთანხმება დადებითად გადაწყდება”, – აცხადებს ნატო ქათამაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – მესმის, წინა არჩევნებზე კარგი შედეგი იყო დიდ ქალაქებში, მაგრამ გაქანებული რეპრესიები არ იყო და არც ასე აშვებული იყო გადაწყვეტილების მიმღები ხალხი – ასეთი ოპერირების მოდელი აირჩიეს და სტრატეგიაც შესაბამისად უნდა დაგეგმო