საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორ იოსებ სარჯველაძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს აკადემიური საბჭოს წევრის, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის აგრარული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ღირსების ორდენის კავალერის, ღვაწლმოსილი პედაგოგისა და მეცნიერის – პროფესორ იოსებ სარჯველაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და აღზრდილებს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
„გულისტკივილით ვემშვიდობებით გამორჩეულ მეცნიერსა და ღვაწლმოსილ პედაგოგს, აკადემიური საბჭოს წევრს, ერთგულად რომ ემსახურებოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, აგრარულ მეცნიერებას, ზრდიდა პროფესიონალთა თაობებს, უშურველად გასცემდა სიკეთესა და სიყვარულს.
პროფესორი იოსებ სარჯველაძე 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა აგრარული ტექნოლოგიების დეპარტამენტს, რომელიც უნივერსიტეტში აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის შექმნათან ერთად ჩამოყალიბდა; ხუთ ათეულ წელზე მეტი იკვლევდა სხვადასხვა კულტურებს, მუშაობდა ეკოლოგიურად უვნებელი პროდუქტების წარმოებასა და დაავადებათა გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებზე; იყო მრავალი საერთაშორისო კონფერენციისა თუ სიმპოზიუმის მონაწილე, 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ჟურნალ „აგრარული საქართველოს“ სამეცნიერო საბჭოს წევრი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკვებწარმოების დარგობრივი ჯგუფის ხელმძღვანელი. ბატონ იოსებს, განსაკუთრებული დამსახურებისთვის მიენიჭა ღირსების ორდენი და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ ძვირფასი მეგობრისა და კოლეგის – ბატონი იოსებ სარჯველაძის ოჯახს, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტს, მის მეგობრებსა და აღზრდილებს.
ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმრის წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ