საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მომავალ სასწავლო წელს მკვეთრად გაუმჯობესებული საერთაშორისო რეიტინგით ხვდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი რეიტინგებისა და კვლევების მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი და ავტორიტეტული კომპანია QS-ის (Quacquarelli Symonds) 2025 წლის საერთაშორისო რეიტინგის სისტემაში (QS World University Rankings 2025) მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის დასახელდა და მოკლე სიაში (shortlist) შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, გასული წლის მონაცემთან შედარებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რეიტინგი 2025 წლის მანძილზე მნიშვნელოვნად გაიზარდა და „1400+“ პოზიციიდან „901-950“ პოზიციაზე დაწინაურდა. აღსანიშნავია, რომ QS-ის ბოლო გამოცემის თანახმად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, რეგიონში უპირობო ლიდერია როგორც საინჟინრო-ტექნოლოგიური, ასე ჰუმანიტარული მიმართულებით.
QS World University Rankings 2025-მა, საუკეთესო უნივერსიტეტების გამოსავლენად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 37000-მდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეაფასა, 104 ქვეყნის 1500 უნივერსიტეტი კი საუკეთესოდ აღიარა და შესაბამისად, ბოლო გამოცემის მოკლე სიაში შეტანა, მათ შორის ორი ქართული უმაღლესი სასწავლებელი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
Შეფასებისას QS-მა გააანალიზა ისეთი მნიშვნელოვანი ინდიკატორები, როგორიცაა: უნივერსიტეტის მდგრადობა, საგანმანათლებლო პროგრამები, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შედეგები, საერთაშორისო სამეცნიერო კვლევების ქსელი, აკადემიური და სამეცნირო პერსონალი, ციტირების ინდექსი, კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი, დამსაქმებელთა რეპუტაცია, ინტერნაციონალიზაცია და სხვ.
როგორც სტუ-ში აღნიშნავენ, Მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სარეიტინგო სისტემაში მსგავსად მკვეთრი დაწინაურება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მორიგი წარმატებაა საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში, რაც უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური პერსონალის, სტუდენტებისა და ადმინისტრაციის ყოველდღიური ძალისხმევის, საქმისადმი ერთგულების და საერთო მიზნისკენ განუხრელად სვლის შედეგია.
„ვულოცავთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თითოეულ წევრს ამ წარმატებას! გვჯერა, რომ გეზი, რომელიც უნივერსიტეტს აქვს აღებული და ის ერთიანი სულისკვეთება, რაც უნივერსიტეტის მამოძრავებელი ძალაა, სულ მალე კიდევ უფრო მეტი წინსვლის და წარმატების მომტანი იქნება. ეს მნიშვნელოვანი წარმატება გვიქმნის არა მხოლოდ რეიტინგის გაუმჯობესების ძლიერ მოტივაციას, არამედ უდიდეს სურვილს, გავნაგრძოთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეტაპობრივი და სწრაფი განვითარება, მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკის ეფექტიანი გაზიარება, სწავლა-სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაცია, სტუდენტებისთვის საუკეთესო განათლების მიღების, მათი სამომავლო დასაქმებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობების გაზრდა და საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის მუდმივი გაუმჯობესება“, – აცხადებენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
QS World University Rankings – https://www.topuniversities.com/ მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის სისტემაა, რომელიც კვლევებს ყველა ძირითადი ინდიკატორის მიხედვით შემუშავებული მეთოდოლოგიით ატარებს. QS-ის რეიტინგების შედეგები, დაახლოებით, 17,5 მლნ აკადემიური ნაშრომის ანალიზსა და 240 000-ზე მეტი აკადემიური ფაკულტეტისა და დამსაქმებლის შესახებ საექსპერტო დასკვნებს ეყრდნობა.
ანალიტიკისა და გლობალური უმაღლესი განათლების სექტორში QS-ის სარეიტინგო კვლევების მისიაა, მსოფლიო მასშტაბით, მოტივირებულ ახალგაზრდებს სწორი არჩევანის გაკეთებისა და პოტენციალის სათანადოდ გამოყენების შესაძლებლობა მიეცეთ, რათა კარიერულ განვითარებას საუკეთესო განათლების მიღებისა და საერთაშორისო მობილობის გზით მიაღწიონ.