საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური დასი – „მოდინახე“ სიღნაღის თეატრალური ფესტივალის გამარჯვებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახე“ სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გამარჯვებულია. ფესტივალის ჟიურის გადაწყვეტილებით, საუნივერსიტეტო დასს პირველი ადგილი და მთავარი პრიზი გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, სიღნაღის საერთაშორისო ფესტივალზე „მოდინახე“, სამხატვრო ხელმძღვანელისა და მთავარ რეჟისორ ნუგზარ ბუცხრიკიძის ხელმძღვანელობით, მიხო მოსულიშვილის პიესის მიხედვით რეჟისორ გიორგი ჭანტურიას მიერ დადგმული სპექტაკლით – „უკანასკნელი თოლია“ – წარსდგა.
ფესტივალი, რომელზეც ქართულ სამოყვარულო თეატრებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის დასებიც იყო წარმოდგენილი, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სიღნაღის მერიის მხარდაჭერით, მესამედ ჩატარდა. ღონისძიების მიზანი სამოყვარულო და სახალხო თეატრების მხარდაჭერაა.
როგორც „მოდინახეს“ სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი რეჟისორი აღნიშნავს, საუნივერსიტეტო დასმა სიღნაღის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობა მეორედ მიიღო და ამჯერად, ახალგაზრდა რეჟისორ გიორგი ჭანტურიას მიერ დადგმულმა სპექტაკლმა როგორც მაყურებელთა, ისე ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა.
„სიღნაღის საერთაშორისო თეატრალურმა ფესტივალმა, რომელმაც საქართველოს რეგიონებიდან და უცხოეთიდან თეატრის მესვეურებს მოუყარა თავი, დიდი წარმატებით ჩაიარა და ჩვენთვის სასიხარულო შედეგით დასრულდა. იყო მაყურებლის ოვაცია, თეატრმცოდნეებისა და რეჟისორებისაგან მოლოცვა. ჩვენი გამარჯვებული საუნივერსიტეტო დასი, რომელიც ერთ-ერთი უძველესი სახალხო თეატრია საქართველოში, სიღნაღის მერმა დააჯილდოვა. აღსანიშნავია, რომ „მოდინახეს“ წარმატება იმ დიდი მხარდაჭერისა შედეგია, რაც დასს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან აქვს. ეს წარმატება ეკუთვნის არა მხოლოდ ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდებს, არამედ ყველას, ვინც ზრუნავს თეატრალური ხელოვნების განვითარებაზე საქართველოს უნივერსიტეტებში. სწორედ ამიტომ, მინდა მადლობა ვუთხრა რექტორს, აკადემიკოსს დავით გურგენიძესა და მის გუნდს – კანცლერს, ბატონ კარლო კოპალიანს, სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტს. არაჩვეულებრივი ფესტივალის ორგანიზებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს კულტურის სამინისტროს, კახეთის მხარის გუბერნატორსა და სიღნაღის მერს, ფესტივალის მენეჯმენტსა და ჟიურის წევრებს და რაც მთავარია, მაყურებელს, რომელმაც „უკანასკნელი თოლია“ დიდი ოვაციით მიიღო. ყოველი წარმატება უდიდესი მოტივაციაა მთელი საუნივერსიტეტო დასისთვის, რათა ახალ დადგმებსა და როლებზე მეტი შთაგონებით და ამაღლებული შემოქმედებითი განწყობით ვიმუშაოთ“, – ამბობს ნუგზარ ბუცხრიკიძე.
გამარჯვებული სპექტაკლის რეჟისორის, გიორგი ჭანტურიას თქმით, „მოდინახემ“ შეძლო სპექტაკლის მთავარი სათქმელი და იდეა მაყურებლამდე ზუსტად მიეტანა.
„მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება, საუნივერსიტეტო დასთან ერთად, მონაწილეობა მიმეღო სიღნაღის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში. ვფიქრობ ჩვენი სპექტაკლის მთავარი სათქმელი და იდეა მაყურებლამდე ზუსტად მივიტანეთ. ფესტივალის მთავარი პრიზის მოპოვება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი სტუდენტების კიდევ ერთი გამარჯვებაა. დარწმუნებული ვარ, ეს შედეგი უფრო დიდ მოტივაციას შეგვიქმნის – მეც და დასის მსახიობებსაც“, – აღნიშნავს გიორგი ჭანტურია.
სტუდენტთა სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ მორიგ წარმატებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ულოცავს.
„ვულოცავ უნივერსიტეტის სტუდენტურ დასს სიღნაღის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მოპოვებულ წარმატებას. პირველი ადგილი და ფესტივალის მთავარი პრიზი ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდების შემოქმედებითი აზროვნებისა და გაწეული იმ დიდი შრომის დაფასებაა, რასაც ისინი, სწავლის პარალელურად, ყოველდღიურად უძღვნიან თეატრალურ ხელოვნებას. ფესტივალის ფავორიტი შესანიშნავი სპექტაკლი – „უკანასკნელი თოლია“, რომელიც საქართველოს ეროვნული გმირის, ჩვენი უნივერსიტეტის სახელოვანი კურსდამთავრებულის, ჟიული შარტავას ცხოვრების ბოლო ეპიზოდს აცოცხლებს, ამის ნათელი დადასტურებაა. საამაყოა, რომ ერთ-ერთი უძველესი და გამორჩეული საუნივერსიტეტო თეატრალური დასი – „მოდინახე“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სივრცის განუყოფელი ნაწილია და განსაკუთრებულ ადგილს იკავებს სტუდენტურ ცხოვრებაში. მისი მორიგი წარმატებაც პირდაპირ მიგვანიშნებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კულტურისა და ხელოვნების მხარდაჭერა აკადემიურ სივრცეში. დარწმუნებული ვარ, ეს წარმატება შემდგომი შემოქმედებითი ინსპირაციის წყარო გახდება ახალი სპექტაკლებისა და როლების შესაქმნელად“, – აღნიშნავს რექტორი დავით გურგენიძე.

ასევე დაგაინტერესებთ