საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი, სამხრეთ კორეის სახელმწიფოს დაფინანსებით, სწავლას სეულის უნივერსიტეტში გააგრძელებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული გოგა ბებია, სამხრეთ კორეის სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული პროგრამის – „კორეის გლობალური სტიპენდიის“ (GKS) ფარგლებში მოპოვებული დაფინანსებით, მიმდინარე წლის სექტემბრიდან სწავლას სეულში, დონგგუკის უნივერსიტეტში (Dongguk University) სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ინფორმაციით, ქიმიის საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრს სამხრეთ კორეის სახელმწიფო სტიპენდიის პროგრამა სწავლის სრული დაფინანსებითა და 2-წლიანი სტიპენდიით უზრუნველყოფს.
როგორც სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ლიანა თარგამაძე აღნიშნავს, უნივერსიტეტის წარმატებულმა ბაკალავრმა, გოგა ბებიამ, კორეის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა საქართველოში სამხრეთ კორეის საელჩოს „Embassy Track”-ის გავლით მიიღო, რაც საქართველოდან, ყოველწლიურად, მხოლოდ 5 სტუდენტის შერჩევას ითვალისწინებს.
„კორეის გლობალური სტიპენდია, რომელიც, მსოფლიოს საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთი პრესტიჟული დაფინანსებაა, ასევე, ცნობილია როგორც სამხრეთ კორეის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა. სტიპენდიის მოსაპოვებლად გოგამ მრავალეტაპიანი შერჩევის პროცესი გაიარა სამხრეთკორეული პროგრამის წარმომადგენელ კომპანიასა და სამხრეთ კორეის წამყვან სამ უნივერსიტეტში. შერჩევის შედეგად, ჩვენმა ბაკალავრმა შეთავაზება სამივე მაღალრეიტინგული უნივერსიტეტიდან მიიღო, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დიდი წარმატებაა. ჩვენმა კურსდამთავრებულმა, არჩევანი დონგგუკის უნივერსიტეტზე შეაჩერა, სადაც ის სექტემბრიდან ქიმიის სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს სწავლას. ვიმედოვნებთ, ჩვენი კურსდამთავრებულისთვის სეულის დონგგუკის უნივერსიტეტში გატარებული ორი წელი კვლევითი მიმართულებით მრავალმხრივ ნაყოფიერი აღმოჩნდება, შეძენილ ცოდნას კი ის ქართული მეცნიერების განვითარებას მოახმარს“, – აცხადებს დეკანი.
კურსდამთავრებულის ცოდნასა და კვლევით უნარებს მაღალ შეფასებას აძლევს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის პროფესორი ირინე ბერძენიშვილი.
მისი თქმით, ბაკალავრი გოგა ბებია, ასევე, ფლობს კორეული ენის უმაღლეს საერთაშორისო სერტიფიკატს (TOPIK), რას მას საშუალებას აძლევს, დონგგუკის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა კორეულ ენაზე, დამატებითი კურსის გავლის გარეშე განაგრძოს.