საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა ღვარცოფსარეგულაციო ელასტიკური ბარაჟის მონიტორინგის სამუშაოებში მონაწილეობა მიიღეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტებმა, კატასტროფების რისკის შემცირების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, პროფესორ-მასწავლებელთა და მკვლევართა ხელმძღვანელობით, ინოვაციური ღვარცოფსარეგულაციო ელასტიკური ბარაჟის მონიტორინგის სამუშაოებში მონაწილეობა მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, ბუნებრივი საფრთხეების, მდგრადი გარემოსა და დაცვის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა პროფესიული საველე ექსპედიცია, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნოე ხოზრევანიძისა და სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, აკადემიკოს გივი გავარდაშვილის ერთობლივი თემატური ინიციატივით, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მლეთის ტერიტორიაზე, მთიულეთის არაგვის ხეობაში, მდინარე მლეთისხევის წყალშემკრებ აუზში ჩატარდა.
როგორც ფაკულტეტის ხელმძღვანელი ნოე ხოზრევანიძე აღნიშნავს, სტუდენტები გაეცნენ სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის მიერ მოწყობილი ინოვაციური საინჟინრო ნაგებობის – ღვარცოფსარეგულაციო ელასტიკური ბარაჟის მუშაობის პრინციპებს.
მისი მონიტორინგი ახალგაზრდებმა, აკადემიკოს გივი გავარდაშვილისა და პროფესორ-მასწავლებელთა ხელმძღვანელობით, ადგილზე განახორციელეს.
ნოე ხოზრევანიძის ინფორმაციით, ბარაჟის სამონიტორინგო სამუშაოებში მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტები, საველე პრაქტიკების ფარგლებში, გარკვეული პერიოდულობით ჩაერთვებიან. ღვარცოფსარეგულაციო ელასტიკური ბარაჟის მისიის შესახებ სტუდენტებს ლექცია ჩაუტარა სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა. გივი გავარდაშვილის თქმით, ბარაჟი ამცირებს ღვარცოფების ზემოქმედებისა და შედეგების რისკებს როგორც ზემო და ქვემო მლეთის სოფლებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე, მლეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაზე.
სტუ-ის ინფორმაციით, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მლეთის ტერიტორიაზე, მდინარე მლეთისხევის წყალშემკრებ აუზში მოწყობილი ღვარცოფსარეგულაციო ელასტიკური ბარაჟი დღემდე ერთ-ერთი უალტერნატივო საინჟინრო ნაგებობაა მსოფლიოში. მისი სამშენებლო სამუშაოები შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის (AR_18_1244) ფარგლებში დაფინანსდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – უკვე მერამდენედ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ოპოზიციის, „ენჯეოების“, უცხოელი პოლიტიკოსების თუ დიპლომატების დეზინფორმაციის კამპანია ამხილა, ამჯერად ეს ტერმინის -„რუსული კანონი“ – მომგონებლებს და გამომყენებლებს ეხება