საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კლაუს ჰიპმა საჯარო ლექცია გამართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოში ვიზიტად მყოფი მეცენატი, ცნობილი გერმანელი ხელოვანი და მეწარმე, ბავშვთა კვების მსოფლიო ბრენდის HIPP-ის დამფუძნებელი, სტუ-ის საპატიო დოქტორი კლაუს ჰიპი შეხვდა და მათთვის საჯარო ლექცია ჩაატარა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, კლაუს ჰიპის საჯარო ლექცია ქვევრის ღვინის პოპულარიზაციასა და ბრენდინგს მიეძღვნა.
როგორც HIPP-ის დამფუძნებელმა, სტუ-ის საპატიო დოქტორმა აღნიშნა, ქვევრის ღვინო სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს საერთაშორისო ბაზრებზე, განსაკუთრებით, ბუნებრივი და ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინოების მოყვარულთა შორის.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებთან კლაუს ჰიპმა ქვევრის ღვინის პოპულარიზაციის გლობალურ მასშტაბებზე ისაუბრა და ამ მიმართულებით, სტუდენტებს შესთავაზა იდეები, რაც ქვევრის ღვინის უნიკალურობასა და კულტურულ მნიშვნელობაზე დაფუძნებულ კონცეფციას გამოხატავს.
მათივე ინფორმაციით, საჯარო ლექციას ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი ესწრებოდა, როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ აღნიშნა, კლაუს ჰიპის თანამშრომლობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მრავალმხრივია და როგორც აკადემიურ, ისე კულტურულ და საგანმანათლებლო მიმართულებებს მოიცავს. ეს საჯარო ლექცია კი მორიგი, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართულ-გერმანული განათლებისა და ბიზნესკავშირების გაღრმავებისკენ. თამარ ლომინაძის თქმით, ინოვაციებისა და დიზაინის როლზე მარკეტინგში კლაუს ჰიპის გამოცდილება და ხედვა შთააგონებს როგორც სტუდენტებს, ასევე, პროფესიონალებს საქართველოში.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მსოფლიო ბრენდ HIPP-ის დამფუძნებელთან მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს. კლაუს ჰიპის ყოველი ვიზიტი ახალ შთაგონებას და მოტივაციას აძლევს ჩვენს სტუდენტებს. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა რეალურად ნახონ ასეთი მაგალითები – ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ საზოგადოების განვითარებაზე, ინვესტირებენ განათლებაში და ზრუნავენ უკეთესი მომავლის შექმნაზე.
წლების განმავლობაში კლაუს ჰიპი დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებისთვის ატარებდა კონკურსს და გამარჯვებულ სტუდენტებს იწვევდა გერმანიაში, საკუთარ საწარმოში ერთთვიანი პრაქტიკის გასავლელად. ამგვარად, ათობით სტუდენტმა ძალიან დიდი გამოცდილება შეიძინა. ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა, სტუდენტებისთვის, მიეღოთ ევროპული გამოცდილება ისეთ მაღალტექნოლოგიურ და წარმატებულ კომპანიაში, როგორიცაა HIPP-ი.
რაც შეეხება დღევანდელ საჯარო ლექციას, ის ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო ღვინის ქვეყანაა, და დღევანდელ თემას – ქვევრის ღვინო – განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენს კულტურაში. ქვევრის ღვინო მხოლოდ საქართველოსთვის არის დამახასიათებელი და შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ, მას საერთაშორისო დონეზე გავუწიოთ პოპულარიზაცია. ამ თემასთან დაკავშირებით, ბატონი ჰიპის მოსაზრებები, რეკომენდაციები და შეხედულებები საინტერესო და გასათვალისწინებელი იქნება ჩვენი სტუდენტებისთვისაც.
კლაუს ჰიპის ინიციატივით, ამ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ არა მხოლოდ დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტები, არამედ ქიმიური ტექნოლოგიების, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების, ბიზნესტექნოლოგიებისა და ენერგეტიკის ფაკულტეტების სტუდენტებიც.
დარწმუნებული ვარ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კიდევ არაერთხელ უმასპინძლებს კლაუს ჰიპს, რომელიც შთააგონებს მომავალ თაობებს და ახალგაზრდებს დაუღალავად უზიარებს თავის ცოდნასა და გამოცდილებას“, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – რეალურად, „ქოცს“ ახლა უნდა, ძლიერის პოზიციაში იყოს და ხალხს აჩვენოს, როგორი მაგრები არიან, გზავნილით: „ცნობილ ხალხს რას ვუკეთებთ და მოქალაქეებს რას გიზამთ, წარმოიდგინეთ“

Reuters – ინდოეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი, რომლის ბორტზე ინდოეთის, ბრიტანეთის, პორტუგალიისა და კანადის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, შენობებს დაეცა – ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, „ბევრი ადამიანი დაიღუპა“