საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახემ“ მეოთხმოცე სეზონი დახურა

უკვე 80-ჯერ დაიხურა თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სეზონი. 80 წარმატებული წელი და 100-ზე მეტი ქართველი და უცხოელი ავტორის ნაწარმოებების გაცოცხლებული გმირები. „მოდინახე“ ახალგაზრდებს 80 წელია აძლევს საშუალებას გაითავისონ კლასიკური ქართული ლიტერატურა, მოირგონ თეატრალური სახეები და წარსდგნენ ერთგული მაყურებლის წინაშე. მსგავსი პროექტები მხოლოდ თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას არ ემსახურება, ესაა მეგობრობის და შემოქმედებითი თვითგამოხატვის საშუალება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სტუდენტისთვის, კულტურა კი სწორედ იქ იწყება, სადაც ახალგაზრდები ენთუზიაზმით სწავლობენ და ქმნიან ღირებულს“, – ამის შესახებ სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლევან ფიფიამ „მოდინახეს“ მეოთხმოცე სეზონის დახურვის ღონისძიებაზე განაცხადა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიტექნიკური ინსტიტუტის დრამატული დასის პირველი საღამო 1945 წლის 5 ნოემბერს გაიმართა.
„დრამატული დასის დამაარსებელი გახლდათ არქიტექტურული ფაკულტეტის სტუდენტი, შემდეგში ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და საქართველოს სამხატვრო ფონდის დირექტორი, დორიან კიტია. სხვადასხვა წლებში აქ მოღვაწეობდნენ საქართველოს სახალხო არტისტი ნოდარ ჩხეიძე, დიდი რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი, ირაკლი ქოქრაშვილი, მსახიობი ავთანდილ კახნიაშვილი, ავთანდილ გელოვანი, მარლენ კიტია, კოტე მახარაძე, გოგი ქავთარაძე, ავთანდილ ევნაძე ტელერეჟისორი ტარიელ კურცხალია, საქართველოს დამსახურებული არტისტები ბორის წიფურია, აბესალომ ლორია და მურმან ჯინორია. 1945 – 2025 წლების განმავლობაში თეატრის სცენაზე დადგმულია 100 მეტი ქართველი და უცხოელი ავტორების ნაწარმოები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
მათი ცნობით, სახალხო თეატრ-სტუდიამ წლევანდელი წელი ნოდარ დუმბაძის „თეთრი ბაირაღებით“ დახურა. როგორც ლევან ფიფია აცხადებს, სპექტაკლი „მოდინახეს“ სცენაზე პირველად 45 წლის წინ დაიდგა, ინსცენირება და რეჟისურა სამხატვრო ხელმძღვანელს ნუგზარ ბუცხრიკიძეს ეკუთვნის.
„მოდინახემ“ წარმატებით დაასრულა 2024/2025 წლის თეატრალური სეზონი და დასკვნით წარმოდგენად მაყურებელს ნოდარ დუმბაძის უკვდავი რომანის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „თეთრი ბაირაღები“, რომელმაც დიდი მწერლის ჰუმანისტური იდეებითა და სიღრმისეული ემოციებით კიდევ ერთხელ შეგვახსენა ხელოვნების ძალა და ადამიანობის მნიშვნელობა.
კულტურა სტუდენტური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ის ხელს პიროვნულ ზრდას, კრიტიკული და კრეატიული აზროვნების განვითარებას, ემოციური ინტელექტისა და სოციალური პასუხისმგებლობის გაღრმავებას უწყობს. ჩვენთვის, როგორც ტექნიკური პროფილის უმაღლესი საგანმანათლებლო სკოლისთვის, პრიორიტეტულია არა მხოლოდ პროფესიონალი არქიტექტორების, მშენებლების, ტექნოლოგებისა და ჰუმანიტარული მიმართულების მეცნიერების მომზადება, არამედ მათი ინტელექტუალურ ღირებულებებსა და ჰუმანისტურ პრინციპებზე დაფუძნებულ მოქალაქეებად ჩამოყალიბება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება თეატრ-სტუდია „მოდინახე“, რომელიც ახალგაზრდა ადამიანებს შემოქმედებითი გამოცდილების ირგვლივ აერთიანებს, აძლევს მათ თვითგამოხატვისა და პროფესიულ-საზოგადოებრივი უნარების გაძლიერების შესაძლებლობას. სწორედ ამიტომაა რომ რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით ვითარდება კულტურული სივრცეები. უნივერსიტეტი მხარს ვჭერს ყველა სტუდენტურ ინიციატივას, რომელიც ხელს უწყობს ხელოვნების სიყვარულის, ეროვნული მემკვიდრეობის გაცნობასა და სულიერი ღირებულებების განმტკიცებას.
მივულოცავთ თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სეზონის წარმატებით დასრულებას და დიდი მადლობა თითოეულ სტუდენტს, პედაგოგს და ორგანიზატორს, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა ამ მნიშვნელოვანი კულტურული პროცესის შექმნაში“, – განაცხადა ლევან ფიფიამ.
სტუ-ის ინფომციით, 2024/2025 წლის თეატრალურ სეზონში თეატრ-სტუდიამ ორ საერთაშორისო ფესტივალში, თურქეთსა და საქართველოში, მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა, ხოლო 90-ზე მეტ სპექტაკლს 27 000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო. სეზონის დახურვის ღონისძიებაზე სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მოყვარულ მსახიობებს მადლობის სიგელები გადასცა.