საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებს კომპანიამ -„ჰანიველ ცემენტი“, ვაკანსიები შესთავაზა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტები კომპანიის – „ჰანიველ ცემენტი“ (ჰაიდელბერგცემენტი) ცემენტის ქარხნის მენეჯერს გიორგი გურასპაშვილს, კომპანიის რეკრუტინგისა და ტალანტების მოზიდვის მენეჯერს ჩარიტა ჩავლეიშვილი და ხარისხისა და კვლევა-განვითარების მენეჯერს თეონა რობაქიძეს შეხვდნენ. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, კომპანიის – „ჰანიველ ცემენტი“, წარმომადგენლებმა სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია თავიანთი ორგანიზაციების სპეციფიკის, პრიორიტეტული ბიზნესმიმართულებების, ძირითადი ტექნიკური საჭიროებების, მოკლე თუ გრძელვადიანი სტაჟირებების, სამომავლო დასაქმების პერსპეტივების, მენტორინგის სისტემის, სასწავლო მექანიზმებისა და კარიერის განვითარების შესახებ. გარდა ამისა, დეტალურად ესაუბრნენ აქტიური ვაკანსიების შესახებ და გააცნეს მათ შეთავაზებულ პოზიციებზე დასაქმების რეალური შესაძლებლობი.
სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის ნატო ქათამაძის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სტუდენტთა კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად განაგრძობს დამსაქმებლებთან – საქართველოში მოქმედ სხვადასხვა პროფილის კომპანიებთან სტუდენტების ინტერაქციური შეხვედრების ციკლის ორგანიზებას, სტაჟირების, ასევე, სამომავლო დასაქმების მიზნით.
„სტუდენტების დასაქმება კომპანიაში შესაძლებელი გახდება სტაჟირების გავლის შემდეგ. ის სტუდენტები, რომლებიც მაქსიმალურად გამოავლენენ თავიანთ უნარებსა და ცოდნას, წარმატებით დასაქმდებიან „ჰანიველ ცემენტში“, და მომავალშიც მიეცემათ კარიერული განვითარების შესაძლებლობა. უნივერსიტეტის მთავარი მიზანია, მუდმივად ვიყოთ კოლაბორაციაში დამსაქმებელთან, შევახვედროთ სტუდენტებს, გავუადვილოთ დასაქმების პროცესი ახალგაზრდებს, და რაც ყველაზე მთავარია, ვიყოთ ხიდი ახალგაზრდა თაობასა და დამსაქმებელს შორის, რათა სტუდენტებმა უნივერსიტეტის მხრიდან ცალსახად იგრძნონ ძლიერი მხარდაჭერა და ზრუნვა მათი კარიერული განვითარებისთვის, ხოლო დამსაქმებელმა თვალნათლივ დაინახოს, რომ უნივერსიტეტთან აქტიური კოლაბორაციის შედეგად, გაცილებით მარტივად მოიძიებს ახალგაზრდა კვალიფიციურ კადრებს”, – აცხადებს ნატო ქათამაძე.
შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენელმა თეონა რობაქიძემ აღნიშნა: „ვფიქრობთ, ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი დასაქმების პროგრამა თქვენთვის. ჩვენი თრეინი პროგრამის მიზანია, მოტივირებული, ყოჩაღი და მოცემული სფეროთი დაინტერესებული თქვენთაგანი მოვიზიდოთ, დავაინტერესოთ და განვავითაროთ როგორც ერთ-ერთი მიმართულების მენეჯერი“.
სტუ-ის ინფორმაციით, „ჰანიველ ცემენტმა“ სტუდენტებს წარმოების მიმართულებით ცვლის უფროსის, ტექნოლოგის, ელექტრიკოსის, მექანიკოსის, ლოჯისტიკის, ქარხნის მენეჯერის თანაშემწის, საერთო ჯამში 13 ვაკანსია შესთავაზეს.