საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის, ენერგეტიკის ფაკულტეტის ორი მეცნიერ-მკვლევარი და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ორი თანამშრომელი სტუ-ის საპატიო დიპლომებით დააჯილდოვა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, რექტორმა აკადემიური საბჭოს სხდომაზე საპატიო დიპლომები ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს, პროფესორ ლალი ხუნწარიას, ელექტროენერგეტიკისა და ელექტრომექანიკის დეპარტამენტის ლაბორანტ ნიკოლოზ ავლოხაშვილს, სტუ-ის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს, ასოცირებულ პროფესორ თამაზ ურთმელიძესა და სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, დოქტორ ლევან ფიფიას გადასცა.
როგორც რექტორმა აკადემიური საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, ლალი ხუნწარიას, ნიკოლოზ ავლოხაშვილს, თამაზ ურთმელიძესა და ლევან ფიფიას მრავალი წელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებულ საქმიანობაში დიდი წვლილი შეაქვთ, შედეგად აკადემიურმა საბჭომ მათი საპატიო დიპლომებით დაჯილდოების გადაწყვეტილება მიიღო.
„აკადემიური საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, დააფასოს ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან ჩვენი უნივერსიტეტის მიმართ განსაკუთრებული ერთგულებითა და პროფესიონალიზმით. მათი საქმიანობა მაღალ შეფასებას იმსახურებს და მიმართულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარებისა და წარმატებისკენ. აკადემიური საზოგადოების სახელით, გულითადად ვულოცავ მათ და წარმატებებს ვუსურვებ”, – აღნიშნა დავით გურგენიძემ.
