საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ფაზისის აკადემიის წევრად აირჩიეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს ფაზისის აკადემიის 1752 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა გია კვაშილავამ ფაზისის აკადემიის წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფაზისის აკადემიის XXVI სამეცნიერო სესია გაიმართა. სესიას, რომელიც გახსნა ფაზისის აკადემიის პრეზიდენტმა, ესწრებოდნენ სტუ-ის მეცნიერ-მკვლევრები და აკადემიის წევრები. დოქტორ გია კვაშილავას თქმით, ფაზისის აკადემიისთვის დიდი პატივია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ფაზისის აკადემიის წევრთა რიგებში მიღება.
„თვალსაჩინო და მნიშვნელოვანია რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის წვლილი მეცნიერების განვითარებაში, განსაკუთრებით კი, საინჟინრო და ტექნოლოგიურ სფეროებში. ვფიქრობ, მისი წევრობა კიდევ უფრო გააძლიერებს ფაზისის აკადემიის ინტელექტუალურ პოტენციალს და გახდება ახალი სამეცნიერო იდეების, ახალი თანამშრომლობის სტიმული. ვულოცავთ აკადემიკოს დავით გურგენიძეს ფაზისის აკადემიაში გაწევრიანებას და ვუსურვებ მას წარმატებას სამეცნიერო, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ საქმიანობაში“, – აღნიშნა გია კვაშილავამ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა მადლობა გადაუხადა ფაზისის აკადემიის პრეზიდენტსა და აკადემიის XXVI სამეცნიერო სესიის მონაწილეებს. როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, გასული საუკუნის 70-იან წლებში ეროვნულად მოაზროვნე ქართველმა მამულიშვილებმა ისტორიული ფაზისის აკადემია აღადგინეს. 1974 წლის 29 ივნისს, აკადემიის აღდგენის დოკუმენტს ხელი მოაწერეს სასიქადულო ქართველმა მეცნიერებმა და საზოგადო მოღვაწეებმა: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა ილია ვეკუამ, საქართველოს კულტურის მინისტრმა ოთარ თაქთაქიშვილმა, საქართველოს საზოგადოება „ცოდნის“ პრეზიდიუმის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დამიანე გოგოხიამ და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი ჩიტაიამ. აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია გახლდათ აკადემიის პირველი პრეზიდენტი, ხოლო სხვადასხვა დროს, ფაზისის აკადემიის პრეზიდენტები იყვნენ პროფესორი ილია ტაბაღუა, აკადემიკოსი ცოტნე მირცხულავა და პროფესორი ნუგზარ ნადარაია. ფაზისის აკადემიის დამფუძნებელთა კრების წევრები იყვნენ ქართული საზოგადოების მხრიდან დიდად დაფასებული და ავტორიტეტული მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები: სიმონ ყაუხჩიშვილი, შალვა ამირანაშვილი, ანდრია აფაქიძე, პავლე ინგოროყვა, ეგნატე ფიფია, თეოფანე დავითაია, შოთა ძიძიგური, კონსტანტინე ბარამიძე, ლეონიდე გორგილაძე, მიხეილ დარასელია, ზურაბ ანჩაბაძე, მარიამ ლორთქიფანიძე, ლევან ფრუიძე. დავით გურგენიძის თქმით, დღეს ფაზისის აკადემია გვახსენებს საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან პერიოდს, ინტელექტუალური და სულიერი მემკვიდრეობის ღრმა ფესვებს, საიდანაც თანამედროვეობის სახელოვანი მეცნიერები აგრძელებენ დიდ მეცნიერთა გაკვალულ გზას და იკვლევენ კოლხეთის ისტორიას.
„ფაზისის აკადემიის როლი ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში განსაკუთრებით ფასეულია. ის არა მხოლოდ ინარჩუნებს ჩვენს კულტურულ იდენტობას, არამედ იძლევა ნიადაგს ახალი იდეებისა და ინოვაციების გასაღვივებლად. მეცნიერთა თაობები, რომლებიც ამ აკადემიიდან მოდიან, გვახსენებენ, თუ რამდენად აუცილებელია საზოგადოებაზე ორიენტირებული მოღვაწეობა. უდიდესი პატივისცემის ნიშნად, მინდა აღვნიშნო, რომ სიგელი, რომელიც აკადემიის პრეზიდენტმა გადმომცა, არ არის ჩემი პირადი მიღწევა, ეს არის თითოეული ჩვენთაგანის დაუღალავი შრომის შედეგი. იმ ადამიანებისა, რომლებიც ყოველდღიურად ემსახურებიან ჩვენს საერთო მიზანს – განათლებული, პროგრესული და მეცნიერებაზე დაფუძნებული საქართველოს მომავლის აშენებას. კიდევ ერთხელ მოგახსენებთ მადლობას და წარმატებებს გისურვებთ“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.
სტუ-ის ინფორმაციით, ფაზისის აკადემიის XXVI სამეცნიერო სესიაზე სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის მანქანების დეპარტამენტის პროფესორმა, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორმა, ფაზისის აკადემიის წევრმა გელა ყიფიანმა წაიკითხა მოხსენება თემაზე – „მეწყერსაშიშ ზონებში ლითონის ნარანდიანი ხიმინჯების გამოყენების მეთოდები“.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იტყობინება, რომ უკრაინამ ვოლგოგრადის ოლქის მარინოვკას აეროდრომზე ორი რუსული გამანადგურებელ-ბომბდამშენი გაანადგურა და ორი დააზიანა – მათივე ცნობით, მტრის გამანადგურებლებს უპილოტო საფრენი აპარატებით დაარტყეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური წერს, რომ იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა აეროდრომის ტექნიკურ-საექსპლუატაციო ნაწილში, რომელიც სამხედრო ობიექტის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას წარმოადგენს. უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთობლივი სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომლის შედეგადაც აეროდრომ მარინოვკაზე ორი რუსული გამანადგურებელ-ბომბდამშენი “სუ-34” გაანადგურეს და კიდევ ორი დააზიანეს“, – ნათქვამია განცხადებაში.