საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროექტის – „უნივერსიტეტი სტუდენტების დასაქმებისა და კარიერული წინსვლისთვის“, ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროექტის – „უნივერსიტეტი სტუდენტების დასაქმებისა და კარიერული წინსვლისთვის”, ფარგლებში სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების წარმომადგენლებმა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათი ცნობით, ღონისძიება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, გუგული ყურაშვილმა გახსნა. როგორც პროფესორმა გუგული ყურაშვილმა განაცხადა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლება-სწავლის პროცესი მხოლოდ ცოდნის შეძენას არ გულისხმობს – ეს მომავალი გამოწვევებისა და შესაძლებლობებისთვის მომზადებაა. დეკანის თქმით, უნივერსიტეტში სტუდენტის დრო არ შემოიფარგლება მხოლოდ ლექციებითა და გამოცდებით, არამედ წარმოადგენს მტკიცე ფუნდამენტს წარმატებული კარიერისთვის.
„კარიერული წინსვლა არის გზა, რომელიც იწყება ამბიციით, თავდადებით და სწორი მიმართულებით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინოვაციური სასწავლო პროგრამებით, პრაქტიკული სწავლებითა და მჭიდრო ინდუსტრიული კავშირებით უზრუნველყოფს, რომ სტუდენტებმა უნარები და გამოცდილება შეიძინონ, რომლებიც აუცილებელია სფეროში წარმატებისთვის. ჩვენი უნივერსიტეტი ქმნის გარემოს, სადაც სტუდენტს შეუძლია განავითაროს როგორც ტექნიკური კომპეტენციები, ისე კრიტიკული და კრეატიული აზროვნება, რაც მათ პროფესიულ გარემოში მიმდინარე ცვლილებებთან ადაპტირებაში დაეხმარებათ. თუმცა მხოლოდ განათლება არ არის საკმარისი. აკადემიური წარმატებისა და პროფესიული მიღწევების დამაკავშირებელი ხიდი უნდა გაძლიერდეს ინდუსტრიების აქტიური ჩართულობით. დამსაქმებლები თამაშობენ მნიშვნელოვან როლს მომავალი სამუშაო ძალის ფორმირებაში. ამიტომ, ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ უნივერსიტეტისა და ორგანიზაციების თანამშრომლობას, რათა ჩვენს სტუდენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა გაიარონ სტაჟირებები, მიიღონ მენტორობა და სწავლის დასრულების შემდეგ წარმატებით დასაქმდნენ. ახალგაზრდა ტალანტებში ინვესტიციით, კომპანიები არა მხოლოდ იძენენ ინოვაციურ და მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებს, არამედ ხელს უწყობენ ქვეყნის პროგრესსა და კონკურენტუნარიანობას. წარმატებული კურსდამთავრებულების დასაქმება სარგებლის მომტანია არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ აუცილებელია ორგანიზაციებისთვისაც, რათა შეძლონ ახალი, რთული გამოწვევების გადალახვა“, – განაცხადა გუგული ყურაშვილმა.
სტუ-ს კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა, ნატო ქათამაძემ ვრცლად ისაუბრა განყოფილების მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ასოცირებულმა პროფესორმა ნატო ქათამაძემ განმარტა, თუ რას ემსახურება კარიერული განვითარების განყოფილება უნივერსიტეტში. მისი თქმით, განყოფილების დაარსება პირადად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის დამსახურებაა.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კარიერული განვითარების განყოფილება სულ რაღაც სამი წლის წინ, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით შეიქმნა, მისი მხარდაჭერით ჩვენ შევძელით რექტორის ჩანაფიქრი მაღალკვალიფიციურად შეგვესრულებინა და დღეს უნივერსიტეტს აქვს ძლიერი სტრუქტურა, რომელიც სტუდენტთა დასაქმებასა და კარიერულ განვითარებაზე ზრუნავს. ჩვენ შევძელით უნივერსიტეტისთვის საინტერესო პროექტების განხორციელება – ეს არის დამსაქმებლების მოძიება და მათთან მემორანდუმების გაფორმება, დამსაქმებლებთან შეხვედრების ორგანიზება როგორც უნივერსიტეტში, ისე უნივერსიტეტს ფარგლებს გარეთ. ჩავატარეთ 2 დიდი დასაქმების ფორუმი, რითაც სტუდენტებს მოვეცით საშუალება, დიდი ძალისხმევის გარეშე შეხვედროდნენ დამსაქმებლებს და მოეძიებინათ მათთვის სასურველი სამუშაო ადგილი. სტუდენტებისთვის ჩავატარეთ ტრენინგები, რომლებიც ეხებოდა რეზიუმესა თუ სამოტივაციო წერილის შედგენას და დამსაქმებლებთან საკომუნიკაციო უნარების გამომუშავებას. ჩვენ ვამაყობთ განხორციელებული პროექტებით, თუმცა ეს ყველაფერი ვერ იქნებოდა, რომ არა უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, რომლის ინიციატივითაც შეიქმნა ეს სამსახური. რექტორი ყველა ჩვენი სასარგებლო ინიციატივის მხარდამჭერია, რისთვისაც მადლობა მას. ვიმედოვნებთ, სტუდენტები გამოიყენებენ ყველა შესაძლებლობას, რასაც უნივერსიტეტი აძლევთ კარიერული ზრდისა და დასაქმებისათვის, სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილება კი მუდმივად ვიქნებით ახალგაზრდების დახმარების არდში“, – განაცხადა ნატო ქათამაძემ.
სტუ-ს ინფორმაციით, ღონისძიების დასასრულს, კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნატო ქათამაძემ სტუდენტებს მაისის თვეში დაგეგმილი დასაქმების ფორუმის კვირეული შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მათ აქტიურობისკენ მოუწოდა.