საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევა კოროზიამედეგი კომპოზიციური დანაფარების შესახებ სახელმწიფო საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევართა ჯგუფი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2024 წლის ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მისივე ცნობით, პროექტის – „თუთიის მატრიცაზე კოროზიამედეგი კომპოზიციური დანაფარების ელექტროქიმიური გამოლექვა და კოროზიული მახასიათებლების კვლევა“ – ხელმძღვანელია სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მარინე დონაძე, პროექტის მენეჯერია აკადემიური დოქტორი ნინო მახალდიანი. ამასთან, აღნიშნავენ რომ პროექტში, ასევე, ჩართულნი არიან ასოცირებული პროფესორი ჯემალ შენგელია, საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრის მკვლევრები – აკადემიური დოქტორი დავით გოგოლი და მაგისტრი შალვა ზურაბიშვილი.
სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორ მარინე დონაძის თქმით, ფუნდამენტური კვლევით დეტალურად შეისწავლიან როგორც თუთიის გალვანური დანაფარის, ასევე, კომპოზიტის მიღების ოპტიმალურ პირობებს ორ სხვადასხვა ელექტროლიტში.
„კვლევით შეფასდება ელექტროლიტში შეყვანილი სხვადასხვა შემავსებლის გავლენა დანაფარის თვისებებზე. ერთ-ერთ შემავსებლად ვიყენებთ ადგილობრივ ბუნებრივ ცეოლიტს – ხეკორძულას კლინოპტილოლიტს, რომელიც სხვა შემავსებლებთან შედარებით იაფი ნედლეულია. მისი შემცველობით მიღებული კომპოზიტური დანაფარის სხვა შემავსებლებთან შედარება მოგვცემს მისი კოროზიული მდგრადობის სურათს და შესაბამისად, იაფი, ეკოლოგიურად სუფთა დანაფარის სამშენებლო, აეროკოსმოსურ, საავტომობილო, გემთმშენებლობის სხვა სფეროებში კონსტრუქციულ მასალებად გამოყენების შესაძლებლობას.
ფუნდამენტური კვლევის მეორე სიახლე იქნება კომპოზიტურ დანაფარში შემავსებლად ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ნარჩენების (კუდები) გამოყენება. ნარჩენები, სხვა ელემენტებთან და ჟანგეულებთან ერთად, საკმაო რაოდენობით შეიცავს მანგანუმის ორჟანგს. როგორც მრავალი სამეცნიერო კვლევიდან ჩანს, თუთია-მანგანუმის შენადნი მნიშვნელოვნად ზრდის დანაფარის კოროზიამედეგობას და სხვა ტრიბო-მექანიკურ მახასიათებლებს. მესამე შემავსებლის სახით კი შემოვიტანთ Al2O3-ს, რომელიც ხშირად გამოიყენება სხვადასხვა მატრიცაზე კოროზიამედეგი კომპოზიციური დანაფარის მისაღებად”, – აცხადებს მარინე დონაძე.
როგორც პროექტის მენეჯერი, აკადემიური დოქტორი ნინო მახალდიანი აღნიშნავს, კვლევის შედეგად, ინსტრუმენტული მეთოდებით შეფასებულ კომპოზიტურ მასალებს გაეწევა რეკომენდაცია სხვადასხვა აგრესიულ გარემოში გამოსაყენებლად. ტექნოლოგიურ პროცესებში გაჩნდება შესაძლებლობა ეკოლოგიურად უსაფრთხო დანაფარებით ჩავანაცვლოთ ეკოლოგიურად საფრთხისშემცველი კადმიუმითა და ქრომით დანაფარები.
„თუთიის კომპოზიციური დანაფარების გამოყენების სფეროდან გამომდინარე, კვლევის მომდევნო ეტაპზე თეორიულად მიღებული მონაცემების გადამოწმება მოხდება სხვადასხვა დეტალებზე საექსპლუატაციო პირობებში. სხვა შემავსებლებს შორის იაფი ადგილობრივი ნედლეულის – ხეკორძულას კლინოპტილოლიტის ან ფეროშენადნობი ქარხნის საწარმოო ნარჩენების გამოყენება კარგ პერსპექტივას სახავს ეკოლოგიური და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით“, – აცხადებს ნინო მახალდიანი.
სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი, კოლეგებს მორიგ წარმატებას ულოცავს. როგორც პროფესორი ლიანა თარგამაძე აცხადებს, პროექტის განხორციელება ემყარება მეცნიერულ კვლევასა და საკითხების პრაქტიკულ გადაწყვეტას, რაც მნიშვნელოვანი შედეგის მომტანია, როგორც უნივერსიტეტისთვის, ასევე ქვეყნისთვის.
„საქართველოში მუდმივად არსებობს მოთხოვნა კოროზიის დარგის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებზე, რაც განპირობებულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალი ბუნებრივი გაზისა და ნავთობის მილსადენების კოროზიისგან დაცვის აუცილებლობით. ქვეყნის ინდუსტრიის განვითარება მოითხოვს ახალ მრავალფუნქციურ მასალებს, რაც დაკავშირებულია კომპოზიტური გალვანური დანაფარების ახალი წარმოებების შექმნასთან.
კომპოზიტურ დანაფარში შესაძლოა შეიცვალოს ფუძე ან შემავსებელი და შესაბამისად, მიიღება თვისობრივად ახალი მასალა არა მხოლოდ ტექნიკასა და საყოფაცხოვრებო სფეროში, არამედ ბიო-სამედიცინო სფეროში გამოყენების მიზნით. წარმატებებს ვუსურვებ კოლეგებს”, – აცხადებს ლიანა თარგამაძე.
სტუ-ის ინფორმაციით, პროექტი – „თუთიის მატრიცაზე კოროზიამედეგი კომპოზიციური დანაფარების ელექტროქიმიური გამოლექვა და კოროზიული მახასიათებლების კვლევა“ – სამი წლის მანძილზე განხორციელდება.