საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა 2024/25 სასწავლო წელი ახალი საგანმანათლებლო პროგრამებით დაიწყო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი 2024-2025 სასწავლო წელს მნიშვნელოვანი სიახლეებითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით ხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
კერძოდ, სტუ-ს ინფორმაციით, წელს, პირველად განხორციელდა მიღება ორ ახალ პროგრამაზე – ბაკალავრიატის “კომპიუტერული საინფორმაციო ტექნოლოგიები” და ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა „ინფორმაციული ტექნოლოგიები ბირთვულ ინჟინერიაში“.
მათივე ცნობით, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა მიიღო 533 ახალი, მათ შორის, 21 საერთაშორისო სტუდენტი, ხოლო მაგისტრატურისა და დოქტორანტურის პროგრამებზე – 170 მაგისტრანტი და 38 -დოქტორანტი.
სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თალიკო ჟვანიას თქმით, ფაკულტეტი განსაკუთრებულ აქცენტს სტუდენტების პრაქტიკულ და ტექნოლოგიურ განვითარებაზე აკეთებს.
„პირველკურსელებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ სტაჟირების პროგრამაში, რომელიც ტარდება ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიებში, რომლებიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, რაც სტუდენტებს რეალურ, ინოვაციურ პროექტებში მონაწილეობის საშუალებას აძლევს, ეს კი, თავის მხრივ პრაქტიკული გამოცდილება მიღების საწინდარია. ამასთან, 16 სექტემბერს ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტები შეძლებენ ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლას ნიუმბერგის ომის სახელობის უნივერსიტეტში. ასევე ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და მკვლევრები ჩაერთვებიან სამეცნიერო კვლევით პროექტებში, რაც გააძლიერებს საერთაშორისო თანამშრომლობასა და კვლევების ინტეგრაციას. წლის განმავლობაში ფაკულტეტი გეგმავს მრავალ სამეცნიერო-პრაქტიკულ ღონისძიებას, მათ შორის კონფერენციებს, ჰაკათონებსა და ფორუმებს, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციების დანერგვასა და საერთაშორისო კავშირების გამყარებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინფორმაციული ტექნოლოგიების თანამედროვე გამოწვევებსა და მიღწევებს, რაც აქტუალურია როგორც ლოკალური, ისე გლობალური ტექნოლოგიური განვითარებისთვის. ფაკულტეტი განსაკუთრებული ინტერესით ელოდება 7-8 ოქტომბერს დაგეგმილ საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციას – „ICT in Life 2024“, რომელიც შეეხება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების უახლეს მიღწევებსა და მათ გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასევე, 1-2 ნოემბერს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, დრეზდენის გამოყენებათა მეცნიერებათა უნივერსიტეტი და ს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივად ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო – პრაქტიკული კონფერენციას – “თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში – 2024”, – აცხადებს დეკანი.
სტუ-ის ინფორმაციით, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი ტექნოლოგიური განვითარების ხელშეწყობასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებაში აქტიურადაა ჩართული.