საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სტუ-ის ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელი და სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლიანა თარგამაძე, სასწავლო პროცესის დაწყების მზადებასთან დაკავშირებით, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტში მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
მისივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში თამარ წერეთელი ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის ხელმძღვანელს გრიგოლ ცნობილაძეს, თანამშრომლებსა და პედაგოგებს შეხვდა. ვიზიტის, რომლის მიზანს წარმოადგენდა ინსტიტუტში მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი და სამომავლო განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების დაგეგმვა, ფარგლებში ვიცე-რექტორი გაეცნო ინსტიტუტში მიმდინარე სასწავლო, ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ პროცესებს.
სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, სამთო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტის ადმინისტრაციასა და პედაგოგებთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამთო-ტექნოლოგიური ლაბორატორიების მდგომარეობის, სასწავლო რესურსების განახლების და სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების გაუმჯობესების შესაძლებლობების განხილვას. პროფესორ თამარ წერეთლის განცხადებით, უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია რეგიონული სასწავლო ერთეულების განვითარება და მათთვის მეტი რესურსის მოზიდვა. ამ კონტექსტში ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტი ერთ-ერთ პრიორიტეტულ ობიექტად განიხილება.
„დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონული სასწავლო ცენტრების როლი ინჟინერული და ტექნოლოგიური პროფილის სპეციალისტების მომზადებაში. ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტი წარმოადგენს დარგის ერთ-ერთ საყრდენ რგოლს, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს მაღალკვალიფიციური განათლება რეგიონის ფარგლებში. ჩვენი მიზანია, პროფესიული და აკადემიური პროგრამების გაძლიერებით, შევქმნათ ისეთი საგანმანათლებლო გარემო, რომელიც უპასუხებს როგორც ადგილობრივი, ისე ეროვნული ეკონომიკის მოთხოვნებს. ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერებას, ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის განახლებასა და მჭიდრო კავშირების განვითარებას ინდუსტრიასთან. სწორედ ეს გახდება ის საფუძველი, რაზეც შეიქმნება კონკურენტუნარიანი კადრები როგორც შიდა ბაზრისთვის, ისე საერთაშორისო სივრცისთვის“, – აცხადებს თამარ წერეთელი.
სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ლიანა თარგამაძის განცხადებით, პროფესიული და აკადემიური კომპონენტების ინტეგრირებული განვითარება, როგორც უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფაკულტეტებისთვის, რომელთა საგნობრივი არეალი პირდაპირ უკავშირდება ინდუსტრიულ სექტორს.
„პროფესიული განათლების განვითარებასა და ინტეგრაციას, ტექნიკური უმაღლესი განათლების სისტემაში, სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება. ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტი ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვან პოტენციალს ფლობს როგორც ადგილობრივი ინდუსტრიის მოთხოვნებზე მორგებული კადრების მომზადების, ისე ინოვაციური საგანმანათლებლო პრაქტიკების დანერგვის მიმართულებით. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებზე, გაიღრმაონ სპეციალიზებული ცოდნა და, რაც მთავარია, გამოიმუშაონ პრაქტიკული, ინდუსტრიაში მოთხოვნადი უნარები. რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სამოქმედო გეგმა სწორედ ამ მიმართულებებზეა აგებული, შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მომავალი განვითარების სტრატეგიაა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და ინსტიტუტების ჰარმონიული თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო სივრცის ერთიან და მძლავრ პლატფორმად ჩამოყალიბებას. ამ მიზნის მისაღწევად მზად ვართ, ჩვენს გამოცდილებასა და რესურსებს გავუზიაროთ ტყიბულის ინსტიტუტს და ხელი შევუწყოთ მის პროფესიულ წინსვლას“, – აცხადებს ლიანა თარგამაძე.
ინფორმაციისთვის, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტში ხორციელდება ექვსი მოდულური პროფესიული პროგრამა, მათ შორის: „სამთო ტექნიკოსი“, „სამთო ელექტრომექანიკოსი“, „მყარი წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიის სპეციალისტი“, „მებათქაშე“, „მღებავი“, „საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერა“.