„კარგად გვესმის, რომ უცხო ქვეყანაში ცხოვრება და სწავლა მარტივი არ არის. ეს მოითხოვს გამბედაობას, ერთგვარ მოქნილობას და მიზანსწრაფულობას. სწორედ ეს თვისებები – შერწყმული შემეცნების, ფიქრის, კვლევისა და ახალი აღმოჩენებით სამყაროს შევსების სურვილთან – აყალიბებს პროფესიონალიზმს, აწრთობს ნამდვილი მკვლევრის ხასიათს. სტუდენტური ცხოვრების პერიოდში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისგან თქვენ მუდამ გექნებათ მხარდაჭერა განათლების მიღებისა და კვლევების პროცესში, პროფესიულ განვითარებაში, თქვენს მისწრაფებებში, რაც უსათუოდ წარმატებისკენ გაგიკვალავთ გზას. გმადლობთ, რომ ხართ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოების ნაწილი. გისურვებთ საინტერესო აღმოჩენებს და წარმატებულ ნაბიჯებს თქვენი პროფესიული მომავლისკენ,” – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ საერთაშორისო სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
სტუ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ღონისძიებას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025/2026 აკადემიურ წელს ჩარიცხული პირველკურსელი საერთაშორისო სტუდენტებიც ესწრებოდნენ.
თამარ ლომინაძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, საერთაშორისო სტუდენტებს წარმატება უსურვა. ვიცე-რექტორის თქმით, მშენებლობა, არქიტექტურა, ენერგეტიკა, ინფორმატიკა, დიზაინი და ბიზნესტექნოლოგიები – ის ძირითადი მიმართულებებია, რომელთა შესწავლის მზარდი ინტერესი სტუ-ში ჩარიცხულ საერთაშორისო სტუდენტებს შორის იკვეთება, რაც თავის მხრივ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაზე მიუთითებს.
„გულითადად მივესალმებით ჩვენს საერთაშორისო სტუდენტებს, მათ შორის არიან წელს ჩარიცხული საერთაშორისო პირველკურსელები – მადლობას გიხდით, რომ არჩევანი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტზე შეაჩერეთ! გვინდა რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით წარმატება და ნაყოფიერი აკადემიური წელი გისურვოთ. დარწმუნებული ვართ, სასწავლო აუდიტორიებში, ლაბორატორიებსა და კვლევით ჯგუფებში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება მოგიწევთ სხვადასხვა კულტურისა თუ მრწამსის ახალგაზრდებთან, ასევე საქართველოს მოქალაქეებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან, რაც სასწავლო პროცესს თქვენთვის ორმაგად საინტერესოს გახდის. ეს იქნება არა მხოლოდ აკადემიური და კვლევითი წარმატებისკენ მიმავალი გზა, არამედ – საფუძველიც ახალი მეგობრების შეძენისა და მომავალი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის. ჩვენი დიდი სურვილია აქტიურად ჩაერთოთ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, შეიძინოთ პროფესია, დაინტერესდეთ მეცნიერებით, შეიგრძნოთ ქართული კულტურა, გაეცნოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას და საკუთარი წვლილი შეიტანოთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მრავალფეროვან აკადემიურ და სამეცნიერო გარემოში,” – აღნიშნა ვიცე-რექტორმა.
საერთაშორისო სტუდენტებს მიესალმნენ და წარმატება უსურვეს სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო სტუდენტთა რეკრუტინგისა და მათი უნივერსიტეტის აკადემიურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციის კოორდინატორმა ლელა ჩიქოვანმა, სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა დავით ლეშკაშელმა და მარკეტინგისა და კომუნიკაციების საუნივერსიტეტო ცენტრის ხელმძღვანელმა ანანო მჭედლიშვილმა.
როგორც ლელა ჩიქოვანმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი ძალისხმევას არ იშურებს საერთაშორისო სტუდენტების საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ინტეგრაციის მიმართულებით. მან საერთაშორისო სტუდენტებს მოუწოდა, გამოიყენონ ყველა ის შესაძლებლობა, რასაც მათ უნივერსიტეტი აძლევს.
„თქვენ მუდამ მიიღებთ საჭირო რჩევას, დახმარებას და იგრძნობთ ჩვენს მხარდაჭერას მთელი სტუდენტური ცხოვრების მანძილზე. ახალ გარემოსთან ადაპტაცია მოითხოვს დიდ ძალისხმევას, თვითდისციპლინას, მაგრამ გახსოვდეთ, თქვენ არ ხართ მარტონი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისი ყოველმხრივ შეგიწყობთ ხელს და წარმატებისკენ გაგიძღვებათ. თქვენი ცხოვრება სავსეა ახალი შესაძლებლობებით, საინტერესო აღმოჩენებით. ჩვენი სურვილია, სწავლისა და კვლევების პარალელურად, გამოიყენოთ ყველა ის შესაძლებლობა, რასაც უნივერსიტეტი გაძლევთ: ჩაერთოთ სტუდენტურ ცხოვრებაში, საუნივერსიტეტო აქტივობებში, იპოვოთ რაც შეიძლება მეტი მეგობარი, გაუზიაროთ გამოცდილება თანატოლებსა და პედაგოგებს, აღმოაჩინოთ საქართველო – მისი ისტორია, კულტურა და ადამიანები. დარწმუნებული ვართ, თითოეული თქვენგანი გახდებით თქვენი ფაკულტეტის და საუნივერსიტეტო საზოგადოების ღირსეული წარმომადგენლები“, – აღნიშნა ლელა ჩიქოვანმა.
სტუ-ის ინფორმაციით, საერთაშორისო სტუდენტებთან შეხვედრა დასრულდა კონცერტით, რომელშიც საუნივერსიტეტო შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ.




