საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციამ ეკონომიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერის, პროფესორ კარლო კოპალიანის ხელმძღვანელობით, უნივერსიტეტის დელეგაციამ ეკონომიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის (ESRI) 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციასა და რიგით მესამე ფორუმში – „ახალი თაობის ეკონომიკა: გამოწვევები და პერსპექტივები“ (Next Generation Economics: Challenges and Perspectives – 3rd ECO Think-Tank Forum) მიიღო მონაწილეობა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კონფერენციასა და ფორუმზე, კანცლერთან ერთად სტუ-ის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტ ტექინფორმის დირექტორმა, პროფესორმა – ნელი მახვილაძემ და მისმა მოადგილემ, პროფესორმა – მარიამ რაზმაძემ წარადგინეს.
სტუ-ის კანცლერის თქმით, საერთაშორისო კონფერენცია და ფორუმი ორგანიზებული იყო აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტროს მიერ და მასში მონაწილეობა აზიის ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების ხელმძღვანელმა პირებმა, მეცნიერებმა, მკვლევრებმა, საბოლოოდ, 200-ზე მეტი დელეგატმა, მიიღო.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერის თქმით, ფორუმი ეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა მწვანე ეკონომიკა, მის წინაშე მდგარი გამოწვევები, გაციფრულების საკითხები, ინფრასტრუქტურას და მომავალი თაობის ეკონომიკის გამოწვევები და მდგრადობა, ეროვნული სტრატეგიების და გზამკვლევების შექმნის საკითხები.
„დღეს სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის (STI) მნიშვნელობა დიდ გავლენას ახდენს საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესების მდგრად განვითარებაზე და უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს თანამედროვე ცოდნაზე დაფუძნებულ საზოგადოების ფორმირებაში. სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაცია (STI) წარმოადგენს ინოვაციების მყარ საფუძველს, რაც უზრუნველყოფს სასწავლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების შესაძლებლობას, შეინარჩუნონ ლიდერობა ტექნოლოგიურ პროგრესსა და მსოფლიო საუკეთესო გამოცდილების ათვისებაში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი „ტექინფორმი“ სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის (STI) გავრცელების სფეროში საქართველოს წამყვანი ორგანიზაციაა და წარმოადგენს შესანიშნავ მაგალითს იმისა, თუ როგორ შეუძლია თანმიმდევრულ, სტრუქტურირებულ ხელმისაწვდომობასა და სამეცნიერო ცოდნის მიზანმიმართულ გამოყენებას ხელი შეუწყოს ჩვენი ქვეყნის აკადემიური და კვლევითი ეკოსისტემის მდგრად განვითარებას“, – განაცხადა კარლო კოპალიანმა.
ინსტიტუტ ტექინფორმის დირექტორის მოადგილის, პროფესორ მარიამ რაზმაძის თქმით, ფორუმზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებმა ისაუბრეს საქართველოს სამეცნიერო – ტექნიკური ინფორმაციის როლზე და მის მნიშვნელობაზე სამეცნიერო ეკოსისტემის მდგრადი განვითარების პროცესში.
„ფორუმში – „ახალი თაობის ეკონომიკა: გამოწვევები და პერსპექტივები – ECO Think-Tank Forum“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობა ძალზედ მნიშვნელოვანი და სასარგებლო აღმოჩნდა. ერთი მხრივ, როგორც პანელური დისკუსიის მონაწილეებს, გვქონდა შესაძლებლობა ჩავრთულიყავით ღია დისკუსიაში, რომელიც ეხებოდა მსოფლიოს მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მათი მიღწევის სტრატეგიებს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე. მეორე მხრივ, საუკუნოვანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტისა და ჩვენი ქვეყნის მაგალითზე გავუზიარეთ უნივერსიტეტისა და ინსტიტუტ ტექინფორმის გამოცდილება და მათი გავლენა სამეცნიერო-საგანმანათლებლო ეკოსისტემის ფორმირებაზე. ფორუმის შედეგად დამყარდა ახალი პარტნიორული ურთიერთობები და დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი და ჩინეთის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან“, – აცხადებს მარიამ რაზმაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი ბრეგაძე – წინასაარჩევნო პროცესების არასწორად წარმართვა, სიტუაციის არევა და მოსახლეობის ნებაზე ზემოქმედების მოხდენა რადიკალური ოპოზიციისა და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში შედის

იუსტიციის მინისტრი – მოსახლეობას ყოველთვის კარგად უნდა ახსოვდეს, რა პოლიტიკურ ძალასთან ჰქონდა საქართველოს საქმე – „ნაციონალური მოძრაობის“ დროს აშკარად გამოკვეთილი იყო ავტორიტარიზმის ყველა ნიშანი