საქართველოს სუვერენული არჩევანია, იყოს ევროკავშირის ნაწილი, ვიმედოვნებთ, უახლოეს მომავალში გვექნება შესაძლებლობა, ჩავერთოთ გაწევრიანებასთან დაკავშირებულ დიალოგში
მტკიცედ მჯერა, რომ საქართველო ეკუთვნის დიდ ევროპულ ოჯახს, ასევე წარმოადგენს ევროპის უსაფრთხოების სისტემის ნაწილსაც. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში გვექნება შესაძლებლობა, ჩავერთოთ გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ ღია დიალოგში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბეათე მაინლ-რაიზინგერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, დიალოგის გარეშე თანამშრომლობის გაგრძელება ძალიან რთულია.
„საქართველოს სუვერენული არჩევანია ისიც, რომ იყოს ევროკავშირის ნაწილი. სწორედ ეს არჩევანი დაედო საფუძვლად საქართველოს მთავრობის მიერ 2022 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში გვექნება შესაძლებლობა, ჩავერთოთ გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ ღია დიალოგში, რაც აუცილებელია როგორც ევროკავშირის გაფართოებისთვის, ასევე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. დიალოგის გარეშე ძალიან რთულია თანამშრომლობის გაგრძელება. მტკიცედ მჯერა, რომ საქართველო ეკუთვნის დიდ ევროპულ ოჯახს და ასევე წარმოადგენს ევროპის უსაფრთხოების სისტემის ნაწილსაც“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ამასთან, მაკა ბოჭორიშვილმა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს სხვადასხვა საკითხზე მოსაზრებების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა.
„აუცილებელია, ვიპოვოთ ისეთი გადაწყვეტილებები და გზები, რომლებიც უზრუნველყოფს მდგრად მშვიდობას როგორც ჩვენს რეგიონში, ისე ევროპულ სივრცეში, რაც მომავალი განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. ჩვენ ვიმყოფებით ვენაში, სადაც მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის შტაბ-ბინაა განლაგებული. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ: ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ყველამ პატივი ვცეთ საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს და ჩვენ გარშემო არსებული პრობლემებისა თუ კონფლიქტების გადაწყვეტის გზების ძიებისას ვიმოქმედოთ მათ შესაბამისად“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
