საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით II კვარტალში გადატანილია 4.6-ჯერ მეტი ტვირთი და გადაყვანილია 2.6-ჯერ მეტი მგზავრი

2024 წლის II კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 170.1 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 491.3 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2.6-ჯერ, მგზავრთბრუნვის მოცულობა კი 3.3-ჯერ აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
„სქასტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის II კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 46.9 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობამ 112.1 მლნ. ტონა-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაიზარდა როგორც გადატანილი ტვირთის (4.6-ჯერ), ისე ტვირთბრუნვის (6.7-ჯერ) მოცულობა.
2024 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტები 1 794.1 ათას მგზავრს მოემსახურა1, რაც 25.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს — აეროპორტებმა მიიღო 911.4 ათასი მგზავრი (24.5 პროცენტით მეტი), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 882.7 ათასი მგზავრი (26.1 პროცენტით მეტი).