საქართველოს საფონდო ბირჟაზე ივლისის ბოლომდე „ლიბერთი ბანკის“ აქციებით ვაჭრობა შეჩერდება

საქართველოს საფონდო ბირჟის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 2024 წლის 29 მაისიდან 30 ივლისამდე „ლიბერთი ბანკის“ აქციებით ვაჭრობა შეჩერდება. განცხადების მიხედვით, შეჩერება გამოიწვია „ლიბერთი ბანკის“ მიერ თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტის მაჩვენებლის შეუსრულებლობამ.
საქართველოს საფონდო ბირჟის განცხადება:
„გაცნობებთ, რომ სს „ლიბერთი ბანკის“ (ს/ნ 203828304) მიერ „საქართველოს საფონდო ბირჟაზე“ ფასიანი ქაღალდების სავაჭრო სისტემასა და ლისტინგში დაშვების შესახებ“ დებულების (შემდგომში – დებულება) დანართი N1-ით განსაზღვრული პირობის – თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტის მაჩვენებლის შეუსრულებლობის გამო, დებულების 6.3.2. პუნქტის საფუძველზე დროებით შეჩერდა სს „ლიბერთი ბანკის“ აქციების ლისტინგი მიმდინარე წლის 29 მაისიდან 30 ივლისამდე,“- ნათქვამია საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საფონდო ბირჟის ინფორმაციით, ლიბერთი ბანკის ერთი აქცია 2.5 თეთრი ღირს, ხოლო ბირჟაზე ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია 112,242,073 ლარს შეადგენს.