საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი – განვითარების და ზრდის პერსპექტივები – „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის

· კონფერენციის მხარდამჭერები „სოკარი“ და აუდიტორული კომპანია „გრანთ თორნთონი“ იყვნენ.
საქართველო, თბილისი, 4 ოქტომბერი, 2024წ.: „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ორგანიზებით, საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო გადამზიდავი კომპანიებისთვის კონფერენცია – საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი – ზრდა და განვითარება – გაიმართა.
ღონისძიებაზე სპიკერებმა სატრანსპორტო და ლოჯისტიკური სექტორის გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე იმსჯელეს. გადამზიდავი კომპანიების როლსა და განვითარების პერსპექტივებზე შუა დერეფანში,სტუმრებს საქართველოს გადამზიდავთა ასოციაციის პრეზიდენტი , ირაკლი ნემსაძე ესაუბრა. კონფერენციაზე ხაზი გაესვა დაზღვევის – როგორც ფინანსური რისკებისგან დაცვის საკითხის მნიშვნელობას. ექსპედიტორებს საშუალება ჰქონდათ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ შეთავაზებას გაცნობოდნენ, რომელიც სპეციალურად მცირე და საშუალო გადამზიდავების საჭიროებებს ითვალისწინებს და მათზეა მორგებული.
მონაწილეებს სიტყვით „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორმა ნოდარ ყანჩაველმა მიმართა და საწვავის ბაზრის მდგომარეობასა და პერსპექტივებზე ისაუბრა.
კონფერენციის ბოლოს ექსპედიტორებს, საშუალება მიეცათ ინდივიდუალური საკონსულტაციო სესიები გაეარათ ექსპერტებთან, რისკების მართვის და საბაჟო-საგადასახადო საკითხებზე.
კონსტანტინე მანჯგალაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ NLI ბაზარზე განვითარების დირექტორის მოადგილე: „ახლა, როცა ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი საგრძნობლად გაიზარდა და უმნიშვნელოვანეს როლს ვასრულებთ აზიისა და ევროპის დაკავშირებაში, უნდა ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომელიც ამ სექტორის განვითარებას აფერხებს.
სატრანზიტო დერეფნის გამართულად ფუქციონირებისთვის აუცილებელია რისკების მინიმუმამდე დაყვანა. ერთადერთი მექანიზმი კი, რომელიც სატრანსპორტო კომპანიებს ფინანსურ ზარალს ააცილებს, დაზღვევაა. ამ შეხვედრაზე ჩვენ განსაკუთრებით გავუსვით ხაზი მცირე და საშუალო კომპანიების პასუხისმგებლობის დაზღვევის მნიშვნელობას, რადგან დღეს ეს პრობლემა ყველაზე მეტად აფერხებს სექტორს. იმისთვის, რომ ტვირთი სრულად დაზღვეული იყოს უშუალოდ ტვირთის და კონტეინერის დაზღვევასთან ერთად, აუცილებელია დაზღვეული იყოს იმ გადამზიდავის პასუხისმგებლობაც, რომელსაც ის გადააქვს. დიდი კომპანიებისთვის უაღრესად მნიშვნელვანია, საქმე დაიჭიროს ისეთ გადამზიდავთან, რომელიც ზრუნავს საოპერაციო რისკებზე და ლოგისტიკას უპრობლემოდ მიხედავს და შესაბამისად, ითხოვენ სრულყოფილ ფინანსურ გარანტიებს. სწორედ ამ საკითხზე ვესაუბრეთ , მცირე გადამზიდავებს და ავუხსენით რა როლი აქვს მათი პასუხისმგებლობის დაზღვევას და რა სარგებელი მოაქვს დაზღვევას მათთვის, რომ გაზარდონ კლიენტების ბაზა და გაიუმჯობესონ კომერციული მდგომარეობა. მიგვაჩნია, რომ სადაზღვევო მექანიზმების სრულყოფილად ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოზე გამავალი სატრანზიტო მარშრუტის მიმართ ნდობის ჩამოყალიბებას და მეტი ტვირთის მოზიდვას. ამ მიმართულებით ცნობიერების გაზრდას ჩვენ მომავალშიც შევუწყობთ ხელს სხვადასხვა აქტივობით. „
კონფერენციაში მონაწილეობა დასავლეთ საქართველოში მოქმედმა 200-მდე მცირე და საშუალო გადამზიდავმა კომპანიამ მიიღო. კონფერენციის მხარდამჭერები „სოკარი“ და აუდიტორული კომპანია „გრანთ თორნთონი“ იყვნენ.