საქართველოს სასტუმრო ბიზნესში ფულის ჩადებას დღეს არავის ვურჩევდი – ნინო ჩუბინიძე

ბუტიკ-სასტუმრო „შოთა რუსთაველის“ გენერალური მენეჯერი ნინო ჩუბინიძე ამბობს, რომ დღეს, საქართველოს სასტუმრო ბიზნესში ფულის ჩადებას არავის ურჩევდა. მიზეზი გაზრდილი ხარჯებია და არასაკმარისია საერთაშორისო ტურისტებია.
„ძალიან რთული ბიზნესია. საკმაოდ რთულ რეგიონშიც ვცხოვრობთ და ჩვენი ქვეყანაც არასატაბილურია“, – თქვა მან „წერტილთან“ ინტერვიუში წამყვანის შესაბამისი კითხვის პასუხად.
ბუტიკური სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა „წერტილთან“ ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა ორ რეალობაზე, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ტურიზმშია – კერძოდ, მთავრობის ეკონომიკური გუნდი საერთაშორისო ვიზიტორების ჯამური ზრდით კმაყოფილია, ხოლო ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები ტურისტების დეფიციტსა და შესაბამისად, ნაკლებ შემოსავალზე მიუთითებენ.
„სასტუმროების ბაზარი ძალიან გაიზარდა. უამრავი ახალი ობიექტი გაიხსნა, რაც თავისთავად ცუდი არაა, რადგან კონკურენცია ხარისხს ზრდის, მაგრამ ბიზნესს ორი მხარე აქვს – შემოსავლები და ხარჯები, ამიტომ აუცილებლად ვისაუბროთ იმაზეც, რამდენად გაეზარდა სასტუმრო ბიზნესს ხარჯები. სპეციალურად ამოვიღე ჩვენი სასტუმროს ხარჯების სტატისტიკა და 2019 წლის მერე სახელფასო ხარჯი გაზრდილი გვაქვს 55%-ით. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი შემოსავალი და კიდევ უფრო მაღალ ფასში გაყიდული ნომრები, რათა ეს ხარჯები დავფაროთ. გარდა ამისა, კომუნალური ხარჯები წლიურად 100 000 ლარით გაგვეზარდა.
აქედან გამომდინარე, მაშინ როდესაც ბაზარზე ამდენი ახალი ობიექტია, მაშინ როდესაც დიდი მოთამაშეები იძულებულები არიან, დაბალ სეზონზე ძალიან დაბალ ფასად გაყიდონ საკუთარი ნომრები, ჩვენნაირ პატარა ობიექტებს სერიოზული პრობლემები ექმნებათ. ამდენად, ერთია ტურისტების გაზრდილი რაოდენობა, რომელიც ქვეყანაში შემოდის და მეორეა, რა ფასში იყიდება სასტუმროს ნომრები… კარგი იქნება თუ სახელმწიფო დაჯდება და კარგად მოუსმენს სტუმარმასპინძლობის სფეროს, გაიგებს რა საჭიროებები აქვთ და ა.შ.“, – განაცხადა მან.
ამასთან, ნინო ჩუბინიძე დადებითად აფასებს ტურიზმის ადმინისტრაციის აქტივობებს, რომელიც მიმართულია ბაზრების დივერსიფიკაციისა და ახალი პირდაპირი რეისების დამატებისკენ, მაგრამ ამბობს, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი და საგარეო კურსთან დაკავშირებით გაჩენილი ტურისტებზე, განსაკუთრებით, ევროპელებზე ნეგატიურად მოქმედებს.
„ტურისტებს ბედნიერ ქვეყანაში სურთ მოგზაურობა“ – ეთანხმება ნინო ჩუბინიძე ბიზნესმენ გია პირადაშვილის მოსაზრებას.
„იცით, ტურისტი ყველა კარგია. ჩვენ მასპინძლები ვართ და ყველა უნდა გვიყვარდეს, მაგრამ საქართველოსთვის ბევრად უფრო საინტერესო სეგმენტი ევროპაა – ევროპელ ტურისტს უყვარს კარგი გასტრონომია, კარგი ღვინო, რაც ასევე გვაქვს… ევროპელი ტურისტი ჩვენთვის სანატრელია; რუსეთ-უკრაინის ომი როცა დაიწყო, ომთან ვიყავით აფილირებული. ახლა შუქდება [მიმდინარე მოვლენები] და ნუ შევიქმნით ილუზიას , რომ ეს ყველაფერი ევროპელ ტურისტზე გავლენას არ ახდენს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა ფაქტები, როცა არათუ ევროპელ, არამედ რუს ტურისტსაც კი ცუდად მოქცეოდა ვინმე და პრობლემები შეექმნათ“, – თქვა ნინო ჩუბინიძემ.