საქართველოს საპატრიარქო შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე, გიორგი შინჯიკაშვილისთვის ზიარების უფლების შეჩერების შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის განჩინებას აჩერებს

საქართველოს საპატრიარქო შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე, გიორგი შინჯიკაშვილისთვის ზიარების უფლების შეჩერების შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლოს განჩინებას აჩერებს.
ამის შესახებ გაფართოებული სინოდალური კომისიის დასკვნაშია აღნიშნული.
“მიმდინარე წლის 19 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს ეკლესიის გაფართოებული სინოდალური კომისიის სხდომა.
სინოდალური კომისიის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგისთან (ჯამდელიანი) დაკავშირებული ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ.
მოსმენილის საფუძველზე, გაფართოებულმა სინოდალურმა კომისიამ შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს -ს, რომ, საქმესთან დაკავშირებულ სხვა დეტალებში გარკვევამდე, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 6 ივნისს გამოტანილი განაჩენი შეჩერდეს”,- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგი ჯამდელიანის თავმჯდომარეობით, ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც უკავშირდება მეუფე გიორგი ჯამდელიანის განცხადებას, მისი “მკვლელობის მცდელობისა და შეთქმულების” შესახებ.
აღნიშნულზე მეუფე გიორგი ჯამდელიანმა 8 ივნისს ქადაგების დროს ისაუბრა.
“ჩემს მკვლელობას ამზადებდნენ – ეს პიროვნება მთავრობის წევრი, უშიშროების უწყების წარმომადგენელია – ერთი წლის განმავლობაში ჩემი მონაზონი გადაბირებული ჰყავდა, რომელსაც ინფორმაცია გაჰქონდა”,- განაცხადა ჯამდელიანმა.